ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ვიდრე მმართველი გუნდი პარტნიორების მოსმენას არ ისწავლის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაყინული დარჩება. მინისტრის თქმით, ევროკავშირის მთავარი მოთხოვნა დემოკრატიული უკუსვლის შეჩერება და ადამიანის უფლებების დაცვაა.
ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საკუთარ პრინციპებსა და კანონის უზენაესობაზე ვაჭრობას არ აპირებს.
„ჩვენ ძალიან მკაფიონი ვართ, არანაირი კომპრომისი არ იქნება, განსაკუთრებით ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ეთქვა და ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ეს ეხება კანონის უზენაესობას ან სხვა ფუნდამენტურ ღირებულებებს, ეს არასოდეს მოხდება… თუ თქვენ მოახერხებთ რეფორმების გატარებას ამ მიმართულებით, მაშინ ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვაწარმოოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, მაგრამ თუ არა, მაშინ მე მართლაც ვწუხვარ, ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით“, — მიმართავს ტვ პირველის ცნობით მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას.
ბეათე მაინლ-რაიზინგერის განცხადებით, ქართველმა ხალხმა ევროპული გზა უკვე აირჩია, თუმცა მოქმედი მთავრობა ამ არჩევანს მხარს არ უჭერს, რაც ქვეყანას არასწორი მიმართულებით მიაქანებს.















