ავსტრიაში გამოავლინეს სანქციების გვერდის ავლის სქემა, რომლის მეშვეობითაც რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი მომარაგებას იღებდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ვენაში დარეგისტრირებული კომპანია, ევროკავშირის სანქციების დარღვევით, რუსეთს რაკეტებისა და ავიაგამანადგურებლების ძრავების დასამზადებელ აღჭურვილობას აწვდიდა.
სამინისტროს ცნობით, კომპანიის 28 წლის ბელარუსი ხელმძღვანელი მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. გამოძიების თანახმად, იგი საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატებს აყალბებდა, რათა სპეციალური დანიშნულების ხელსაწყოების გაგზავნა შეძლებოდა.
პროდუქციის ტრანსპორტირება თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონგ-კონგში, ბელარუსში, ყირგიზეთში, სამხრეთ კორეაში, პოლონეთსა და ლიეტუვაში მოქმედი ფიქტიური კომპანიების ქსელის მეშვეობით ხორციელდებოდა.
ავსტრიის შსს-ში განმარტავენ, რომ აღჭურვილობის საბოლოო მიმღებები რუსეთის სახელმწიფო ინდუსტრიულ კონგლომერატ „როსტეკთან“ დაკავშირებული საწარმოები იყვნენ.
















