ავსტრია ორშაბათიდან სრულ „ლოკდაუნს“ გამოაცხადებს

ავსტრია დასავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც პანდემიის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის შესამცირებლად მოსახლეობისთვის სრულ „ლოკდაუნს“ გამოაცხადებს.

ქვეყნის მთავრობა, ასევე, სავალდებულოს ხდის ყველა მოქალაქისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციას. არავაქცინირებულ მოსახლეობას მთავრობა თებერვლამდე აძლევს ვადას. ამ ეტაპზე ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედია სრულად ვაქცინირებული, რაც დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო ყოველ 100 000 მოსახლეზე 991 ინფიცირება ფიქსირდება.

ავსტრიამ ორშაბათს გამოაცხადა „ლოკდაუნი“ არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის, თუმცა აღნიშნული შეზღუდვის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა.

„კოვიდ-19“-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები ქვეყნის ორ რეგიონში – ზალცბურგსა და ზემო ავსტრიაში ფიქსირდება, სადაც მიმდინარე კვირის სამშაბათს ადგილობრივმა მთავრობამ სრული „ლოკდაუნი“ გამოაცხადა და ანალოგიურისკენ მოუწოდა ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებს.

ქვეყნის კანცლერის, ალექსანდერ შალენბერგის განცხადებით, სრული „ლოკდაუნი“ ქვეყანაში მომდევნო კვირის ორშაბათიდან ამოქმედდება, ხოლო მოსახლეობას იმუნიზაციის ჩასატარებლად ვადა თებერვლამდე მიეცემა.

„ჩვენ ვერ მოვახერხეთ, მოსახლეობას დარწმუნება ვაქცინაციის აუცილებლობაში. სამწუხაროა, რომ ასეთი შეზღუდვების შემოღება გვიწევს“, – აღნიშნა კანცლერმა.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად დასავლეთ ევროპის სულ უფრო მეტი სახელმწიფო გეგმავს „ლოკდაუნის“ გამოცხადებას. ნიდერლანდებში უკვე გამოცხადდა ნაწილობრივი ჩაკეტვა, რითაც კვების ობიექტებს, სპორტდარბაზებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებს მუშაობა შეეზღუდათ.

წყარო: reuters.com

banner
წინა სტატიაშიმენაღარიშვილი სააკაშვილზე: ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული გერმანიაში გადავიყვანდი
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ