ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ რუსეთში დაბადებული ცოლ-ქმარი დააკავა. წყვილი მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არის ბრალდებული.
„ცოლ-ქმარს, რომლებსაც ავსტრალიის მოქალაქეობა აქვთ, ბრალად ედებათ ავსტრალიის თავდაცვის ძალების მასალის მოპოვება რუსეთის ოფიციალური პირებისთვის გადაცემის განზრახვით“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
უწყების ცნობით, 40 წლის ქალი ავსტრალიის თავდაცვის ძალების რიგითი თანამშრომელი იყო და მუშაობდა „ინფორმაციული სისტემების ტექნიკოსად“.
როგორც ირკვევა, ის რუსეთში შვებულების დროს ჩავიდა და ქმარს დაავალა, მის ოფიციალურ ანგარიშზე შესულიყო, რათა თავდაცვის მასალებზე წვდომა ჰქონოდა.
ფედერალური პოლიციის კომისარმა, რის კერშოუმ მედიას განუცხადა, რომ წყვილი ბრიზბენში, საკუთარ სახლში დააკავეს. მათ ბრალად ედებათ „ჯაშუშობისთვის მომზადება“. ბრალდება სასჯელის უმკაცრეს ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციის უფროსის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, მოახერხა თუ არა წყვილმა რუსეთისთვის მასალის გადაცემა.