ავსტრალია რუსეთსა და ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს

ავსტრალიის მთავრობამ რუსი პროპაგანდისტებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის ლეგიტიმაციას, ასევე იმ პოლიტიკოსებისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ ამ უკანონო შეჭრას, ახალი სანქციები დააწესა, – ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გავრცელებული.

„ჩვენ შევიყვანეთ სანქციების სიაში 11 ფიზიკური პირი და 12 ორგანიზაცია რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ხელშეწყობისთვის, 2022 წლის მარტში 32 პროპაგანდისტის წინააღმდეგ მიღებული ზომების საფუძველზე. მათ შორის არიან რუსული მედია ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მთავრობის ცრუ ნარატივებს. ავსტრალია ასევე აწესებს ფინანსურ სანქციებს იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათ შორის „ტროლების ფაბრიკა“, რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას ინტერნეტში და რომელთაგან ბევრი დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან,“- აცხადებენ ავსტრალიის საგარეო უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სანქცირებულ ორგანიზაციებსა და პირებს შორის არის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელიც აღწერილია, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის დეფაქტო კერძო არმია.

„ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლები მხარს უჭერენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, რაც აშკარად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სანქციები დაუწესდა ორ ბელარუსულ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამხედრო აღჭურვილობას.

„ორივე კომპანია აწარმოებს აღჭურვილობას, რომელსაც იყენებს ბელარუსის შეიარაღებული ძალები, რომელიც, თავის მხრივ. მნიშვნელოვან სტრატეგიულ მხარდაჭერას უწევს რუსეთის ძალებს,“- ნათქვამია ავსტრალიის საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, სანქცირებულ ფიზიკურ პირებს შორის არიან: რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩუპრიანი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლიოვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ნიკოლაი ბოგდანოვსკი და უკრაინის პარლამენტის ყოფილი პრორუსი წევრი, ილია კივა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრზე სარაკეტო იერიში განახორციელეს
შემდეგი სტატიასენაკში არხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს