დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება შესაძლოა გადაიხედოს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ. აზერბაიჯანულ მხარეს მივაწოდე ეს ახალი გარემოებები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზალკალიანის განცხადებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხსაც შეეხო საუბარი.

დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მხარის მიერ მოპოვებულმა ახალმა მასალებმა პროცესს სხვა მიმართულება მისცეს და 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს.

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გვქონდა საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის შესახებ საუბარი. მოგეხსენებათ, გასულ წელს გარკვეული ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, როდესაც გარკვეულწილად შეიცვალა სტატუს-კვო და მომლოცველებს შეექმნათ გარკვეული პრობლემები სალოცავებთან მისვლის კუთხით. ასევე, იყო გარკვეული ინფრასტრუქტურის, ობიექტების მშენებლობა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, მაგრამ ჩვენც აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, რათა კომისიის ფარგლებში მომხდარიყო ამ საკითხების განხილვა. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ სრულად განვაახლეთ კომისიის შემადგენლობა, ახალი შემადგენლობაა ქართული მხრიდან,

მიმდინარე წელს რამდენიმე შეხვედრა იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო ეს შეხვედრები ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ კომისიის მუშაობა გაჩერებული იყო. ჩვენ ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია საქმიანობა, ყველა უწყება ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და უნდა გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან ასევე, მოძიებულია ახალი კარტოგრაფიული მასალები და ახალი დოკუმენტები, სხვადასხვა ექსპერტული დასკვნა. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, აზერბაიჯანულ მხარეს მივაწოდე ეს ახალი გარემოებები და მასალები, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მოპოვებული.

ახალმა გარემოებებმა შესაძლოა, გარკვეულწილად პროცესის ახლებური მიმართულება წარმოშვას, მათ შორის არ გამოვრიცხავ, რომ იგივე 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს, მაგრამ მე ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალ მასალებზე დაყრდნობით და მთელ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება პროგრესი. კომისიამ უნდა განაახლოს მუშაობა, უნდა დაჯდეს, შეისწავლოს ყველაფერი, რათა ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდეს ორმხრივად მისაღებ ფარგლებში, როგორც საქართველოსთვის, ისე აზერბაიჯანისთვის, ისე, როგორც ჩვენს სტრატეგიული პარტნიორობას შეეფერება.

მე ახლა ვერ ვისაუბრებ ამ ახალ გარემოებებზე. მოგეხსენებათ, ეს მასალები უნდა იყოს შესწავლილი, დამუშავებული, ეს არის სამუშაო პროცესი მხარეებს შორის და ორივე მხარეს აქვს საკმაოდ კონსტრუქციული მიდგომა ამ საკითხზე. იმედს ვიტოვებ, მუშაობა გაგრძელდება ურთიერთგაგების და მეგობრული სულისკვეთებით, ისე როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირების დინამიკა ფიქსირდება
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი უგულავას: ზუგდიდელს ზუგდიდში უფრო დიდი შანსი აქვს