ავიაკომპანია „ეარბალტიკი“ ბელარუსის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენს, რის გამოც რიგიდან თბილისში დაგეგმილი რეისების მარშრუტი შეიცვალა

ლატვიის სახელმწიფო ავიაკომპანია „ეარბალტიკი“ ბელარუსის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის მედია ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრის დროს ლატვიის კომუნიკაციების მინისტრმა ტალის ლიკაიტსმა განაცხადა, ბელარუსის ხელისუფლების ნაბიჯი „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკში დაჯდომის იძულებაზე, არაორდინალური სიტუაციაა, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„ჩვენმა სახელმწიფო ავიაკომპანიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს ბელარუსის საჰაერო სივრცე. უახლოეს ხანში რეკომენდაციებს გაავრცელებს ლატვიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოც“, – განაცხადა მინისტრმა.

ლინკაიტსმა მგზავრებს მოუწოდა, თვალყური მიადევნონ ბელარუსის მიმართულებისა და ბელარუსიდან დაგეგმილი ფრენების შესახებ ახალ ინფორმაციას.

„ეარბალტიკის“ ცნობით, რიგიდან ოდესაში და თბილისში დაგეგმილი რეისების მარშრუტი უკვე შეცვალეს და ისინი ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის გარეშე შესრულდება.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში აღარ შევიდა ავიაკომპანია „ვიზეარის“ თვიმთფრინავი, რომელიც კიევიდან ტალინში მიფრინავდა.

მინსკში 23 მაისს დააკავეს ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ, მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ. რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშილევან სამუშია – „კლანის“ ჩაბეტონება უნდათ სასამართლოში
შემდეგი სტატიადავითაშვილი – ულტიმატუმების ენით საუბარი არასოდეს, არსად შედეგის მომტანი არ ყოფილა