ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების როტაცია დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა და I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ 7-თვიანი მისია წარმატებით დაასრულეს და დღეს სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი და II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია დახვდნენ. ბრიგადის გენერლის გიორგი მათიაშვილის განცხადებით, ქართულმა ქვედანაყოფებმა ქაბულში და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მისია წარმატებით და უდანაკარგოდ შეასრულეს. დასავლეთ სარდალმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონი სამშვიდობო მისიას ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 21-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული, როტაციის წესით, IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა. შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი კი, მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლი და საავიაციო ბაზის დაცვა იყო. მე-11 ბატალიონი, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის თავდასხმა “რუსთავი2”-ზე და არასამთავრობო სექტორზე – პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი მიიჩნევს, რომ ექსპრემიერმა კრიმინალებს მწვანე შუქი აუნთო
შემდეგი სტატიარაკლი კობახიძე – ივანიშვილის ინტერვიუს დროს საზოგადოებამ კარგად დაინახა, რეალურად რა და როგორ ხდება ჩვენს ქვეყანაში