ავღანეთში 52-ე და 32-ე ბატალიონების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა კი, სამშვიდობო მისია უკვე დაასრულა. უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.
უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავღანეთის სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.

ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, ამერიკის არმიის გენერალ-მაიორი ჯონ ტომპსონი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის საცეცხლე მხარდაჭერის ჯგუფისა და ტაქტიკური დაჯგუფება „ტაიგერის” ხელმძღვანელობა, ავღანეთის ეროვნული არმიისა და ფარვანის პროვინციის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები.

ოფიციალური ცერემონიალის დამსწრე სამხედრო და სამოქალაქო პირებს სიტყვით მიმართა საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და 52-ე ბატალიონის მაღალ პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიგა ავალიანმა კი, ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და 32-ე ბატალიონს წარმატება უსურვა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” წარმატებით შესრულებისთვის სპეციალური მედლები ქართველ სამხედროებს გენერალ-მაიორმა ჯონ ტომპსონმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და ტაქტიკური დაჯგუფება „ტაიგერის” მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯეისონ დევისმა გადასცეს. 6 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს კი, 52-ე ბატალიონისთვის გაწეული განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მედლები „ქაქუცა ჩოლოყაშვილი” გადაეცათ. დაჯილდოების დასრულების შემდეგ მაღალი რანგის სტუმრებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს და საზეიმო ტორტი გაჭრეს.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია : მე არ ვფიქრობ, რომ ახლა არის დრო, როდესაც უნდა წახვიდე პოლიტიკიდან
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია : შსს-ს დღევანდელ განცხადებაში არაფერი დამაჯერებელი არ ყოფილა