რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის აღების შემდეგ დასავლეთით შეტევის გაგრძელება გაუჭირდებათ. ამის შესახებ აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, უკრაინელებმა ადრე მომზადებულ პოზიციებზე დაიხიეს და მათზე შეტევა დიდ დანაკარგს გამოიწვევს.
ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული ძალები ავდეევკაში უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევას ცდილობდნენ, რათა ავდეევკის დამცველებისთვის დიდი ზარალი მიეყენებინათ. თავად ავდეევკის აღება კი არანაირ ოპერატიულ უპირატესობას და შეტევის გაგრძელების შესაძლებლობას არ იძლევა.
უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევასთან რუსული ძალები ძალზე ახლოს იყვნენ, მაგრამ ავდეევკაში ახალი შენაერთების შეყვანის შემდეგ იქიდან პრაქტიკულად დანაკარგების გარეშე გასვლა მოხერხდა. ახლა კი ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია მოხდება, სადაც შეტევების ორგანიზება კიდევ უფრო რთულია.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ავდეევკაზე შეტევის დროს რუსეთმა 400 ერთეული მძიმე ტექნიკა დაკარგა. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავდეევკის შტურმების დროს 15 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, რაც 1980-იან წლებში ავღანეთში 10-წლიანი ომის დროს დაღუპულთა რაოდენობას უდრის.