აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესში შეტანილი ცვლილებით, ქვეპროგრამით მოსარგებლე ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობა 175 -ით იზრდება. კერძოდ, აპრილიდან ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას აქამდე არსებული 1375 ბენეფიციარის ნაცვლად, თვეში 1550 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, დღეს ეს ქვეპროგრამა თანამედროვე სტანდარტებთან მაქსიმალურ თანხვედრაშია, რადგან წლების განმავლობაში, სერვისების გაუმჯობესების მიზნით, მასში არაერთი ცვლილება განხორციელდა.
„თავიდან პროგრამაში 325 ბავშვი იყო ჩართული და მისი ბიუჯეტი 500 000 ლარს შეადგენდა. აპრილიდან კი ამ პროგრამით მოსარგებლე ბავშვთა და მოზარდთა რიცხვი 175-ით იზრდება, შესაბამისად დაფინანსებას 1550 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, პროგრამის ბიუჯეტი კი 6 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ეს პროგრამა ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო. პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდით ხელშეწყობის სერვისები კიდევ უფრო მეტი ბავშვისა და მოზარდისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი ბავშვი, მოზარდი და საჭიროების მქონე პირი არ დარჩეს მუნიციპალური პროგრამის მიღმა. ამჟამად, ვმუშაობთ პროგრამის გაძლიერებაზე. რაც არსებული სერვისების მიმღები ბენეფიციართა ასაკის 23-წლამდე გაზრდას მოიცავს“, – აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძემ სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდი დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: ევროკავშირის წევრობის გზაზე გამარჯვება საქართველოს და უკრაინის მხარეს იქნება