„აუდიტორია 115“-ის წევრი: პარლამენტის თავმჯდომარე შეშინებული ჯერ გუშინ გაიქცა უნივერსიტეტიდან და მერე ფილარმონიიდან

„აუდიტორია 115“-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ, ხელისუფლებას მიმართა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლშევიკური სტრატეგია თავად აირჩია, რადგანაც „აუდიტორია 115“-ის წევრები საკმაოდ ნაკითხები არიან.

„ჩვენ აქ სწორედ იმიტომ მოვედით, რომ „ოთარაანთ ქვრივი“, „გლახის ნაამბობი“ და „კაკო ყაჩაღი“ გვაქვს წაკითხული. ჩვენ აქ ღონისძიების ჩასაშლელად კი არა, იმიტომ მოვედით, რომ ვრცელი დისკუსია დათმობოდა სოციალურ საკითხებს, გასაჭირს, დაღუპულ ადამიანებს, უმიწაწყლოდ დარჩენილ გლეხებსა და სხვა უამრავ გაჭირვებულ ადამიანს საქართველოში, მაგრამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლშევიკური სტრატეგია თავად აირჩია – მოგვაკერა იარლიყები და შეშინებული ჯერ გუშინ გაიქცა უნივერსიტეტიდან და მერე აქედან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია, ქვეყნის ძირითადი კანონი შექმნან. ძირითად კანონს ქმნის ეს ხალხი“, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

პროფკავშირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „აუდიტორია 115“-ის წევრებმა დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია დაგეგმეს. ისინი ქვეყანაში არსებულ შრომის კოდექსს აპროტესტებენ და შრომითი ინსპექციის შექმნას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიაუცილებელია ვნახოთ ვინ ატარებს ხოლმე საველე სამუშაოებს – მდინარაძე NDI-ის კვლევაზე
შემდეგი სტატია“ჩვენ საკუთარი ინიციატივით ვიწყებთ ამ საქმის შესწავლას…ეს იქნება ტესტი”- ომბუდსმენი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე