„აუდიტორია 115-ის“ წევრი გიორგი სოფრომაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს

„აუდიტორია 115-ის“ წევრი, გიორგი სოფრომაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შეჭრის გამო დაკითხვაზე დაიბარეს.

„აუდიტორია 115“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოიეში ჩატარებულ აქცია-პერფორმანსთან დაკავშირებით, მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრი, თსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გიორგი სოფრომაძე თბილისის პოლიციის სამმართველოშია დაბარებული,“ – ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ „აუდიტორია 115“-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ამავე ინფორმაციით, გასაუბრება ხვალ, 24 მარტს, 12 საათზე შედგება. „აუდიტორია 115“ წარმოადგენს სოციალურ მოძრაობას, რომელიც ერთობლივი ქმედებების დროს კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპით ხელმძღვანელობს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში გამოსვლის მოვალეობა გიორგის მოძრაობის საერთო კრებამ დააკისრა. „მოამბის“ ეთერში მანიფესტის წაკითხვა სოფრომაძის ერთპიროვნული და ინდივიდუალური გადაწყვეტილება არ ყოფილა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფოიეში ჩატარებული აქცია-პერფორმანსის შედეგად არ დაზიანებულა ტელევიზიის ინფრასტრუქტურა, საფრთხე არ შექმნია დაწესებულების არცერთ თანამშრომელს. მოძრაობის წევრებს ხელი არ შეუშლიათ საეთერო სტუდიების მუშაობისათვის. ჩვენ მხოლოდ საშვების გარეშე შევედით ჩვენი კუთვნილი მაუწყებლის მთავარ დერეფანში, საიდანაც შეუძლებელი გახლდათ რომელიმე გადაცემის ჩაშლა, ან მისი მიმდინარეობის შეფერხება. ერთადერთი შედეგი, რაც ჩვენს ქმედებას მოჰყვა, ის გახლდათ, რომ განადგურებისთვის განწირული გადაცემები სეზონის ბოლომდე აგრძელებენ მუშაობას. ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა, სხვადასხვა სახის მოქმედებით, დროებით შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი ათასზე მეტ მოქალაქეს. „აუდიტორია 115“ მზადაა, გააგრძელოს სოციალურ უსამართლობაში მცხოვრები ადამიანების ინტერესების დაცვა. პოლიციის ზეწოლით, დაშინების მცდელობებით საქართველოს საკონსტიტუციო სტანდარტების რეალიზებისთვის ბრძოლა არ შეჩერდება, პირიქით, ჩვენი შრომა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება!“ – წერია „აუდიტორია 115“-ის „ფეისბუქგვერდზე.“ აქვე, ორგანიზაციის წევრები საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებენ, რადგან „შეიძლება, მალე ჩვენი წევრებისათვის მძლავრი სოლიდარობის გამოცხადება აუცილებელი გახდეს.“ „ვულოცავთ ქ-ნ ია ანთაძეს პოლიციის აღნიშნულ გადაწყვეტილებას,“ – ასე მთავრდება „აუდიტორია115“-ის განცხადება.

 

 

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ვორონენკოვის მკვლელობაზე: ჩემს დროს “არც ერთი გაუხსნელი ტერაქტი და შეკვეთილი მკვლელობა” არ ყოფილა
შემდეგი სტატიავორონენკოვის მკვლელობას უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ტერორიზმი უწოდა