“აუდიტორია 115” მიმართვას ავრცელებს

“აუდიტორია 115″ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც ,,თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“2016 წლის 23 სექტემბერი

ჩვენ, „აუდიტორია 115-ის“ წევრები, მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტი კვლავ არ ემსახურება მის ძირითად მიზანს – ცოდნის წარმოებას. დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავ გრძლდება კლანური მმართველობა და ანტისამეცნიერო პროცესები.

დღეს საქართველოს მიერ არჩეული განვითარების პრიორიტეტები და სოციალ-ეკონომიკური კურსი აყალიბებს ისეთ რეალობას, სადაც განათლება არ ითვლება ადამიანის ფუნდამენტურ სოციალურ უფლებად, რის გამოც საშუალო და დაბალი ფენების წარმომადგენლებისათვის სულ უფრო და უფრო იზღუდება განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ქვეყანაში მინიმალური ყურადღებაც კი არ ექცევა მეცნიერების განვითარებას, სამეცნიერო კვლევებისა და ბიბლიოთეკების დაფინანსებას. არ არსებობს რეალური თვითმმართველობა და სტუდენტები ბიუროკრატიული სირთულეების წინააღმდეგ ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებებისა და საჭიროებებისთვის ეფექტურ ბრძოლას. ამ ყველაფრის შედეგია სასწავლო პროცესის დაბალი ხარისხი, მეცნიერების სავალალო მდგომარეობა და შრომის ბაზარზე დაბალ კონკურენტუნარიანობა.

მიუხედავად ჩვენი მრავალი მცდელობისა, სისტემა, რომლის ნაწილიც გახლავთ განათლების სამინისტრო, არ აპირებს ქმედითი ნაბიჯები გადადგას არაერთხელ გაჟღერებული პრობლემების გადასაჭრელად. გრძელდება სახელმწიფოს მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორების “დანიშვნის” პოლიტიკა. უნივერსიტეტის ავტონომიისგან მხოლოდ ფასადი დარჩა.
შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ:

1) ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებას
2) საუნივერსიტეტო ავტონომიას
3) გარე რეფერირების პრინციპის დანერგვას
4) სტუდენტური თვითმმართველობების არსებული სტრუქტურის ძირეულ რეფორმას
5) უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში თანხის გამოყოფას სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პირობების გასაუმჯობესებლად.

6) სტუდენტებს, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება და თანხის გადაუხდელობის გამო არ ეხსნებათ ბაზა, მიეცეთ აკადემიური რეგისტრაციის შესაძლებლობა

მოძრაობა „აუდიტორია 115“, მოუწოდებს სტუდენტებს, ლექტორებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში. იბრძოლონ ხარისხიანი, ხელმისაწვდომი განათლებისთვის და ავტონომიური უნივერსიტეტისთვის.

სწორედ ზემოთხსენებული რეალობის შესაცვლელად შეიქმნა “აუდიტორია 115″. ამიტომ ჩვენ გვსურს, არსებული მცდარი პრაქტიკისა და სისტემის შეცვალა. პოზიტიური ალტერნატივის ჩამოყალიბება, რომელიც თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეებზე იქნება დაფუძნებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანის შეხვდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ნათელაშვილი ტიპური ყვარყვარეა