აუდიტის სკანდალური დასკვნა-ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა რა სამუშაოები ვერ ჩაატარა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა წარმართა ხარვეზებით, რითაც სრულად არ არის უზრუნველყოფილი პროგრამის ძირითადი ამოცანები. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურშია აღნიშნული.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებების პირობებით გამოიყენა საჯარიმო სანქციების დაბალი მოცულობა, რომელიც არ შეესაბამება გავრცელებულ საუკეთესო პრაქტიკას. აღნიშნულმა მიდგომამ ვერ განაპირობა ინტერესების სათანადო დაცვა და მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის პრევენცია.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, მუნიციპალიტეტმა მიწოდების ვადები გაზარდა დაუსაბუთებლად – უამინდობის, ხარჯთაღრიცხვაში თავიდანვე ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულებისა და ორგანიზაციული პრობლემების გამო.
ხელშეკრულებების შესრულების პროცესში მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო სამუშაოების მიწოდების გეგმა-გრაფიკისა და ვადების დარღვევების სრულად გამოვლენა და მიმწოდებლებზე საჯარიმო სანქციების გავრცელება;
შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, მუნიციპალიტეტში,ზოგშემთხვევაში,არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია;
მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლის მექანიზმები, რათა გამოავლინოს და თავიდან აიცილოს ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევები სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას;
მუნიციპალიტეტმა სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა გამარტივებული ხელშეკრულების ფორმით და ანაზღაურება გასცა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე. ანგარიშსწორების ასეთი ფორმა, არსებული პრაქტიკით, იწვევს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებას;

ქონების მართვისა და განკარგვის პროცესს მუნიციპალიტეტში თან ახლავს სისტემური პრობლემები:
– სავარაუდოდ, მაღალი ლიკვიდურობის ქონება მუნიციპალიტეტმა გასცა უკონკურენტო გარემოში, ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმის გამოყენებით, რითაც დაკარგა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
– მუნიციპალური ქონების ნაწილი, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაკავებულია არაუფლებამოსილი პირების მიერ და მუნიციპალიტეტი ვერ იღებს შესაბამის შემოსავალს.
– ფასეულობათა ინვენტარიზაციის პროცესი მუნიციპალიტეტმა წარმართა მნიშვნელოვანი დარღვევებით, საკრებულოს მიერ დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ და სავარაუდოდ, არ აჩვენა დანაკლისი ქონების ნაწილი.

მუნიციპალიტეტი აფინანსებდა ისეთ დაფუძნებულ სუბიექტებსა და არაგონივრულად გაზრდილ საშტატო თანამდებობებს, რომელთა საქმიანობაც არ გამომდინარეობდა მუნიციპალიტეტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ვალდებულების შესრულების საჭიროებიდან;

მუნიციპალიტეტმა, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, თანხები გასცა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე;

მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი 2-ჯერ და მეტად აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე;

მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა მათთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების შესაბამისად, რამაც დამატებითი ხარჯები გამოიწვია;

შესაბამისი შრომითი რესურსის არსებობის პირობებში, მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა;

მუნიციპალიტეტმა არ გამოასწორა შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშებში ასახული ნაკლოვანებები და არ შეასრულა გაცემული რეკომენდაციები სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და ქონების განკარგვის შესახებ,”-აღნიშნულია სახემწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: კობახიძემ მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთოს, კონკრეტულად ვისთან ჰქონდა ასეთი საუბრები
შემდეგი სტატიამესტიის მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხასიათდება მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზები