აუდიტის სამსახურმა პარლამენტს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები წარუდგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის ბიუჯეტის განახლებულ პროექტთან დაკავშირებით პარლამენტს საკუთარი დასკვნა წარუდგინა.

ბიუჯეტის პროექტის ხარჯვითი ნაწილი მის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით 395 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 18.8 მილიარდ ლარს შეადგენს.

როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული, 2020 წელს დაწყებულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს ეკონომიკურ პროცესებზე. უწყების შეფასებით, 2021 წლის მეორე კვარტლიდან შეინიშნება დადებითი ეკონომიკური დინამიკა, რის შედეგადაც 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ჯერ 7.7%-მდე, ხოლო წარმოდგენილი კანონპროექტით – 10.0%-მდე გაიზარდა. 2022 წლის რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი კი 6.0%-ს შეადგენს.

აუდიტის სამსახურში აღნიშნავენ, რომ პანდემიის განმეორებითი ტალღების პირობებში მნიშვნელოვანია ფისკალური დისციპლინის მდგრადობა და ფისკალური პოლიტიკის პასუხების სწორად განსაზღვრა.

„აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის კანონპროექტის შემდგომი განხილვის პროცესში, მიზანშეწონილია, გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემდეგი რეკომენდაციები:

მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის დოკუმენტში წარმოდგენილი ეკონომიკური შოკები და მათგან გამოწვეული ეფექტები უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის რაოდენობრივ ინდიკატორებს, რაც შესაძლებელს გახდის მათი რეალიზაციის შეფასებასა და ანალიზს;

საყურადღებოა, რომ ბიუჯეტის პროექტს არ ახლავს ინფორმაცია პესიმისტური და ოპტიმისტური ეკონომიკური სცენარების რეალიზების შემთხვევაში ფისკალური პოლიტიკის შესაბამისი პასუხების შესახებ;

დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიაში ნაწილობრივ გათვალისწინებულ იქნა მაკროეკონომიკური რისკების სისრულესთან დაკავშირებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია. მოსალოდნელი შოკების შესახებ ბიუჯეტის კანონში სრულფასოვანი ინფორმაციის წარმოდგენისათვის, მიზანშეწონილია, ამ მიმართულებით გაგრძელდეს მუშაობა;

ფისკალური რისკების ანალიზის კუთხით, დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და „ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში ერთმანეთისგან გამიჯნულად არის წარმოდგენილი სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო კორპორაციების სექტორებად დაკლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მაჩვენებლები;

ასევე, „ფისკალური რისკების ანალიზის განახლებულ დოკუმენტს დაემატა „სახელმწიფო საწარმოთა სენსიტიურობის ანალიზი, რომელშიც წარმოდგენილია ექვსი მსხვილი საწარმოს ფინანსურ შედეგებზე სხვადასხვა მაკროეკონომიკური შოკების გავლენის ანალიზი. მიღებული შედეგების სიზუსტისა და სექტორიზაციის კომპონენტის გათვალისწინების მიზნით, მიზანშეწონილია, ეტაპობრივად გაიზარდოს აღნიშნული ანალიზის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა რაოდენობა;

სახელმწიფო საწარმოთა უარყოფითი ფინანსური შედეგების პირობებში, მათი აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი ვალდებულებებით ფინანსდება, რაც სახელმწიფოს წინაშე არსებული ფისკალური რისკების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს ქმნის. აღნიშნულს ადასტურებს სენსიტიურობის ანალიზის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ვალუტის გაცვლითი კურსის შოკის შემთხვევაში განხილულ საწარმოთა ჯამურმა ზარალმა შესაძლოა 3 მლრდ ლარს მიაღწიოს;

საყურადღებოა ასევე, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვისა (PPA) და საჯარო კერძო თანამშრომლობის (PPP) პროექტები, რომლებიც ფისკალური რისკების მნიშვნელოვანი წყაროა. „ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში მოცემული ანალიზით, PPA პროექტებიდან მოსალოდნელი პირობითი ვალდებულებების პოტენციური მოცულობა 300 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 30%-ის რეალიზების ალბათობა მაღალია;

საჯარო ფინანსების სტატისტიკის წარმოების მიზნებისათვის საქართველოს კანონმდებლობაში პირობითი ვალდებულებების ცნება განმარტებული არ არის. მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საკანონმდებლო დონეზე პირობითი ვალდებულებების განმარტება, მათი მოცულობის შეფასება და შესაბამის საბიუჯეტო დოკუმენტებში წარმოდგენა;

2022 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონით განსაზღვრული 3.0%-იანი ნიშნულის მიღმაა დაგეგმილი და 4.2%-ს შეადგენს. საშუალოვადიანი პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი დადგენილი ლიმიტის ფარგლებში 2023 წელს ბრუნდება (პროგნოზირებულია 2.7%-ის დონეზე);

ორგანული კანონით განსაზღვრული ვალის წესის საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც მთავრობის ვალთან ერთად PPP პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულებასაც მოიცავს, 52.9%-ს უტოლდება და 60%-იანი ნიშნულის ფარგლებშია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არ მოიცავს სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებს. ამ კომპონენტის გათვალისწინებით, ვალის წესის საპროგნოზო მაჩვენებელი 53.3%-მდე იზრდება;

კანონპროექტზე თანდართულ „ვალის მდგრადობის ანალიზში გამოყენებული მოდელი არ ითვალისწინებს სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებს, PPP პროექტების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებსა და მოკლევადიანი ვალის კომპონენტს. გარდა ამისა, მიზანშეწონილია, ვალის მდგრადობის ანალიზის ჩასატარებლად ფინანსთა სამინისტრომ გამოიყენოს განახლებული მეთოდოლოგია;

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და გამოაქვეყნა 2022-2025 წლებისათვის მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის პროექტი. აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოდგენილი იქნება ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე სამსახურის დასკვნაში;

მიუხედავად პროგრესისა, პროგრამული ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ბიუჯეტის კანონის ნაწილს და სისტემური ხარვეზებით ხასიათდება. მიზანშეწონილია, გაგრძელდეს მუშაობა პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორების შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება პროგრამული ბიუჯეტის გაუმჯობესებისთვის განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები, შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში მოცემული შენიშვნებისა, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია, შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 753 თბილისში გამოვლინდა, 810 იმერეთში, 413 სამეგრელო-ზემო სვანეთში
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქბრბ მიმართულებით უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა