აუდიტის სამსახურის განცხადებით, მოხდება შესწავლა, ბანკ „ქართუდან“ რამდენ პროცენტში მიიღო სესხი სალომე ზურაბიშვილმა და ხომ არ გადის ის შემოწირულებაში

მმართველი პარტიის მხარდაჭერილი, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ბანკი „ქართუდან“ მილიონი ლარის ოდენობის სესხის აღების საკითხს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის.

უფრო კონკრეტულად, როგორც ჟურნალისტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, უწყება დაინტერესდება, რამდენ პროცენტში აიღო ზურაბიშვილმა სესხი და თუკი საპროცენტო განაკვეთი ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი იქნება, „ეს უკვე შემოწირულებად ითვლება და დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს“.

„რასაკვირველია, ჩვენ ვერ შევისწავლით რამდენად აქვს მსესხებელს მისი გადახდის შესაძლებლობა – ამას ბანკი შეისწავლის, როცა გასცემს სესხს. ჩვენ აუცილებლად შევისწავლით სესხის საპროცენტო განაკვეთს, ეს არის აუცილებლად შესწავლის ობიექტი – რამდენ პროცენტში მიიღო სესხი. რადგან თუკი ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალ პროცენტში აქვს მიღებული სესხი, ეს უკვე შემოწირულებად ითვლება და ასახული უნდა იყოს დეკლარაციაში“, – განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ბანკ „ქართუდან“ მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი აიღო.

„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს.

banner
წინა სტატიაშიპეტერ ფელდმანი: თბილისი უძველესი და ულამაზესი ქალაქია
შემდეგი სტატიასკრიპალების საქმეზე მეორე ეჭვმიტანილის გვარიც დაასახელეს