აუდიტის სამსახური – თავდაცვის სამინისტროში არაფინანსური აქტივების აღრიცხვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პრობლემები და ნაკლოვანებებია

თავდაცვის სამინისტროში არაფინანსური აქტივების აღრიცხვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პრობლემები და ნაკლოვანებებია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილი ნაკლოვანებები გამოიხატება შემდეგში:

• „არაფინანსური აქტივების დიდი მოცულობა აღრიცხულია მხოლოდ რაოდენობრივად და შესაბამისად, ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული;

• ბალანსზე ირიცხება როგორც შენობა-ნაგებობის , ასევე მიწის რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი , რომელიც დაურეგისტრირებელია როგორც სახელმწიფო ქონება. ინვენტარიზაციის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ მიწის რესურსის დიდი ნაწილი წარმოდგენილია ღირებულების გარეშე ;

• სამინისტრო ფლობს გამოუყენებელ აქტივებს, რომელთა ღირებულებაც ნულის ტოლია ან ღირებულების გარეშეა წარმოდგენილი. შესაბამისად, ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული;

• სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში 2017 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილია როგორც ჩამოსაწერი ქონება, ასევე დანაკლისი, რომლის უდიდესი ნაწილი ღირებულების გარეშეა წარმოდგენილი,“ – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ასევე ანგარიშში ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში აქტივების მუხლის რეალური ღირებულების განსაზღვრა მასშტაბური შეუსაბამობის გამო შეუძლებელია.

„სამინისტროს ლოგისტიკის ცენტრებიდან წარმოდგენილი ინფორმაციისა და 2017 წლის ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზის საფუძველზე, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ბალანსზე რიცხული 468,734.0 ათასი ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვანი ნაწილი არ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმს,“ – ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვის სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებს შორის მოხვდა სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიც.

„სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები კატეგორიების მიხედვით არ არის სწორად კლასიფიცირებული. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების საწყისი ღირებულებების შესახებ. შესაბამისად, ძირითად აქტივებზე (მათ შორის, შენობა-ნაგებობებზე) ცვეთის დარიცხვა წარმოებდა არასწორად. შედეგად, არასწორად დარიცხული ცვეთის თანხობრივი ეფექტის დადგენა შეუძლებელია.

ვერ შევძელით რწმუნების მიღება „არაფინანსური აქტივების“ საბალანსო ანგარიშის საწყისი და საბოლოო ნაშთების სისრულეზე, შეფასებასა და არსებობაზე,“ – ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმცირესობა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციის ვადის 2020 წლამდე გაგრძელების ინიციატივაში ნეპოტიზმის და პროტექციონიზმის ნიშნებს ხედავს
შემდეგი სტატიაშსს ქუთაისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს