აუდიტის სამსახური – „საქართველოს ფოსტაში“ ერთ წელიწადში 6.6 მილიონი ლარის დანამატები გაიცა

„საქართველოს ფოსტაში“ 2017 წელს 1 545 თანამშრომელზე 6.6 მილიონი ლარის დანამატები გაიცა. ამის შესახებ „საქართველოს ფოსტასთან“ დაკავშირებით დღეს გამოქვეყნებულ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია საუბარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განმარტებით, დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა წარმოშობს შრომის ანაზღაურების თანხების არასამართლიანად განაწილების და ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკს.

„შპს „საქართველოს ფოსტაში“ დანამატების ოდენობები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ბრძანებებით. ფიქსირებული დანამატების დანიშვნის საფუძვლები ბრძანებებში მითითებული არ არის, ხოლო „ცვლადი დანამატები“, ძირითადად, გაიცემოდა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულებისათვის. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა არ არის სათანადოდ დასაბუთებული და ვერ უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას“, – წერია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის მონაცემებითვე, 2017 წელს კომპანიამ შრომით დავებზე განაცდურის სახით 19 თანამშრომელს (რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლდნენ 2012-2015 წლებში) აუნაზღაურა 395 616 ლარი. ექვს შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო გათავისუფლებული თანამშრომლების სასარგებლოდ, ხოლო 13 შემთხვევაში, საქმე დასრულდა მორიგებით.

„შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტები უარყოფითად აისახა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე“, – წერია ანგარიშში

banner
წინა სტატიაშიკახი კახიაშვილი: ბათუმი 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად განიხილება
შემდეგი სტატიაინტელექტბანკის აქციონერები თიბისი ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან