15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

აუდიტის სამსახური: ორი პროგრამის ფარგლებში, ჯამში 26 ბენეფიციარი თანხის ჩარიცხვის მომენტში გარდაცვლილი იყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის „მოსახლეობის სოციალური დაცვის“ ფარგლებში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი.

bm.ge-ს ინფორმაციით, ანგარიშიდან, რომელიც 2022-2024 წლების პერიოდს მოიცავს, არაერთი ნაკლოვანება იკვეთება, მათ შორის როგორც განაცხადების განხილვის, ისე პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით. ირკვევა, რომ ბენეფიციარები, ვისაც დაფინანსება ეკუთვნის, მას ვერ იღებენ და პარალელურად, დაფინანსებულია რიგი ბენეფიციარები, ვინც კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

ამას გარდა, აუდიტის თანახმად, ორი პროგრამის ფარგლებში, ჯამში 26 ბენეფიციარი თანხის ჩარიცხვის მომენტში გარდაცვლილი იყო. მათ შორის 10 შემთხვევაში თანხა დაბრუნებულ იქნა სამინისტროს საბიუჯეტო ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი 16 შემთხვევიდან 4 შემთხვევაში ბენეფიციარის გარდაცვალება რეგისტრირებულია კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ და 12 შემთხვევაში გადარიცხული 1,7 ათასი ლარი დაუბრუნებელია.

აუდიტის მიგნებები ასეთია:

განცხადებების განხილვა

განუხილველი განცხადებები და დაუფინანსებელი ბენეფიციარები „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის“, „დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ და „აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის“ პროგრამების განხორციელების პროცესში კონტროლის მექანიზმების სისუსტის შედეგად,
შემოსული 6957-დან, 2369 განცხადება დარჩა განუხილველი, მათ შორის 256 შემთხვევაში არ დაფინანსდნენ ბენეფიციარები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს, რამაც გამოიწვია ბენეფიციართა მიმართ არათანაბარი მიდგომის რისკები.

პროგრამებით განსაზღვრული კრიტერიუმების ხარვეზები – „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარების 10 სხვადასხვა კატეგორიის კრიტერიუმიდან, 76,8 პროცენტის შემთხვევაში გამოყენებულია მხოლოდ ერთი კატეგორია: „სხვა დევნილი/დევნილი ოჯახი, რომლის სოციალური მდგომარეობა არის მძიმე“, რომლითაც წინასწარ არ არის განსაზღვრული კონკრეტულად რის მიხედვით უნდა შეფასებულიყო განცხადების შემომტანის მდგომარეობა მძიმედ და შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიიღებოდა სუბიექტურად.

დაფინანსებული ბენეფიციარების შეუსაბამობა კრიტერიუმებთან

სამინისტროს „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული 435-დან 13 შემთხვევაში ფიქსირდება ფაქტი, როდესაც დაფინანსება მიიღეს ბენეფიციარებმა, რომლებიც წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ვერ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს. შესაბამისად, პროგრამის განხორციელების პროცესში არსებული ხარვეზების და კონტროლის ნაკლოვანებების გამო, კრიტერიუმის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე გაიხარჯა 5,5 ათასი ლარი.

სადღესასწაულო ნობათების გაცემის ხარვეზები – „სოციალური სოლიდარობის პროგრამის“ ფარგლებში, სადღესასწაულო ნობათების ბენეფიციარებისათვის გადაცემის დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ 3258-დან 377 შემთხვევაში გაიცა 19 ათასი ლარის ღირებულების ნობათი იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ შესაბამის კრიტერიუმებს, ხოლო 310 შემთხვევაში გაიცა 14,5 ათასი ლარის ღირებულების ნობათი იმ ბენეფიციარებზე, რომლებზეც ვერ იქნა წარმოდგენილი კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროგრამის მოთხნოვნების შეუსაბამოდ გაცემული ჰუმანიტარული საქონელი – „სოციალური სოლიდარობის პროგრამის“ განხორციელების ეტაპზე არსებული კონტროლის მექანიზმების არაქმედითუნარიანობის გამო 54,9 ათასი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული საქონელი გაცემულია პროგრამის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, მათ შორის, 22,5 ათასი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული საქონელი გაიცა ბენეფიციარების იდენტიფიცირების გარეშე, ხოლო 19 ათასი ლარის ღირებულების ორი ერთეული ჩანგლიანი დამტვირთველი გადაეცა პროგრამის მოთხოვნების შეუსაბამოდ.

დამტკიცებული პროგრამების ხარჯთაღრიცხვების შეუსაბამობა საკასო ხარჯებთან – „სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის“ საბიუჯეტო ასიგნებები იცვლებოდა დამტკიცებული პროგრამის ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების გარეშე, რაც შეიძლება პროგრამული ბიუჯეტის მართვის ხარვეზად იქნეს მიჩნეული.

ბენეფიციარების არასწორი დაფინანსება – კონტროლის მექანიზმების არაქმედითუნარიანობის გამო „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის“ და „აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის“ პროგრამების ფარგლებში, 12 გარდაცვლილ ბენეფიციარზე ჩარიცხულია 1,7 ათასი ლარი, რაც არ არის აღდგენილი ბიუჯეტში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიააბას არაღჩი: პაკისტანის არმიის მეთაურთან განვიხილეთ ძალისხმევა, რომელიც ამერიკასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებას ისახავს მიზნად