აუდიტის სამსახური ბათუმის ახალი სასაფლაოს მოწყობის პროცესში დაშვებულ ხარვეზებზე მიუთითებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაბა ჩაქვში, ქალაქ ბათუმისთვის ახალი სასაფლაოს მოწყობის პროცესში დაშვებულ ხარვეზებზე და თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე მიუთითებს.

დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ა(ა)იპ – ბათუმის სასაფლაოების მიერ შექმნილმა შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო უხარისხოდ შესრულებული საპროექტო სამუშაოების დროული გამოვლენა და სათანადო რეაგირება. შედეგად, 3 390 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი ექსპლუატაციაში არ არის შესული.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის არასრულფასოვნად შესწავლის შედეგად გაწეულია 706 274 ლარის არაეფექტიანი ხარჯი. ამის გამო, 2018 წლისთვის 87 197 ლარის ღირებულების სამუშაოების დამატებით შესყიდვა გახდა საჭირო და შესაძლოა, ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფა გახდეს აუცილებელი.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, ა(ა)იპ – ბათუმის სასაფლაოების ადმინისტრაციამ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ერთობლივად უნდა შეისწავლონ ქალაქ ბათუმისთვის ახალი სასაფლაოს მშენებლობის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზები და მიღებული შედეგების გათვალისწინებით კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი ღონისძიებები განახორციელონ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის – „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება“ შესაბამისობის აუდიტის ანგარიში უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშირუსების მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები გაერომ სამხედრო ტყვეებად აღიარა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოთხოზორი-ტატუაშვილის სია გაფართოვდეს