აუდიტის სამსახური – აღრიცხულია C ჰეპატიტის სამკურნალო 26 236 866 ლარის ოდენობის ვადაგასული მედიკამენტები, დანაკლისი არ დაფიქსირებულა

C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს აღრიცხული აქვს ვადაგასული მედიკამენტები, სულ – 26 236 866 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, ამის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითად სამკურნალო პრეპარატს წარმოადგენდა სოფოსბუვირი, რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით-ჰარვონით, რომლის მიხედვითაც შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება.

მათივე ინფორმაციით, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული მატერიალური მარაგების ნაშთი 1 188 788 129 ლარს შეადგენდა.

„აღნიშნული მარაგები ინახებოდა როგორც სააგენტოს საწყობებში – შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა“ და „მედფარმა პლუსში“, ისე პროგრამაში ჩართულ 32 სამედიცინო დაწესებულებაში, საიდანაც ბენეფიციარებზე გაიცემოდა მედიკამენტები. სააგენტოს 2017 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედარების უწყისის თანახმად C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში არ დაფიქსირებულა ზედმეტობა/დანაკლისი, თუმცა სააგენტოს დეტალური აღწერების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ინვენტარიზაცია ჩატარებულია მხოლოდ საწყობებში და არა სამედიცინო დაწესებულებებში. სამედიცინო დაწესებულებებში კი, განხორციელებულია მედიკამენტების მონიტორინგი 2017 წლის 6 ივნისიდან 22 ნოემბრის ჩათვლით. ამასთანავე, პროგრამის მართვისთვის გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს დაწესებულებებს შორის შიდა გადაცემებს, რომლებიც არ არის გამიჯნული მედიკამენტის რეალური მიღების და ბენეფიციარზე გაცემის მონაცემებისგან.

ზემოაღნიშნული უზუსტობების შედეგად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში მოკლევადიანი აქტივების საწყისი ნაშთი შემცირებულია 1 918 792 ლარით, საბოლოო ნაშთი კი გაზრდილია 23 496 756 ლარით, ხოლო 42 347 396 ლარის საბოლოო ნაშთის მოკლევადინი აქტივების არსებობაზე, სიზუსტესა და სისრულეზე ჩვენ ვერ მოვიპოვეთ საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები,“ – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია ცენტრალურ აპარატისა და სააგენტოს მიმართ ასეთია: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზურნველყონ მატერიალური მარაგების ინვეტარიზაცია, შეფასდეს მოცემული მარაგების მიხედვით აქტივად აღიარების კრიტერიუმების დაკმაყოფილების ხარისხი და ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშილენტეხში მოსახლეობა „ხელედულა-3 ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს
შემდეგი სტატია,,რაის სიტყვის თავისუფლება მიგაქვს, პატარა, ხომ არ გაჟრიალებთ ტანში, რა”?