აუდიტი: სკოლების დაფინანსების მოდელი არ ეფუძნება სკოლების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოსწავლეების საჭიროებებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის არსებული მოდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ეფექტიან მმართველობას.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი საკითხები: სკოლების მართვის მოდელი; რესურსცენტრების როლი სკოლების მონიტორინგისა და მხარდაჭერის პროცესში; სამეურვეო საბჭოს როლი სკოლის მართვის პროცესში; სკოლების დაფინანსების მოდელი.

“სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად”, – წერია დასკვნაში.

აუდიტი ამბობს, რომ რესურსცენტრების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას განეკუთვნება სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მონიტორინგის განხორციელება, თუმცა მონიტორინგის ჩატარების პერიოდულობა და სკოლების დაფარვის სიხშირე არ არის განსაზღვრული. გარდა ამისა, დამტკიცებული არაა რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთგვაროვანი ფორმა.

რაც შეეხება დაფინანსებას, აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ სკოლების არსებული დაფინანსების მოდელის მიხედვით, ვაუჩერული დაფინანსება ძირითადად მიმართულია მასწავლებლების ხელფასზე და არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა სრულფასოვანი განათლების მიღებისთვის სხვა სახის მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორებიცაა მაგალითად: არაფორმალური განათლება, კლასგარეშე, კულტურული და შემოქმედებითი პროექტების განხორციელება.

აუდიტი ამბობს, რომ “დაფინანსების არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფს სკოლის საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებას”. მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსება გამოითვლება არაერთ კომპონენტზე დაყრდნობით, სკოლები ითხოვენ დამატებით დაფინანსებას თანხების უკმარისობის გამო − ძირითადად, კომუნალური ხარჯების დაფარვის მიზნით.

“2019-2021 წლებში დამატებითი დაფინანსება გაიცემოდა, საშუალოდ, 205 (საერთო რაოდენობის 10%) სკოლის შემთხვევაში, ხოლო აღნიშნული სკოლებიდან, საშუალოდ, 41% სისტემატურად, ყოველ წელს ითხოვს დამატებით ფინანსურ რესურსს. 2019-2021 წლებში დამატებითი დაფინანსების მიზნით სამინისტრომ სკოლებს ჯამურად 6,694,993 ლარი გადაურიცხა, – წერია დასკვნაში.

აუდიტი ამბობს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული გამოწვევებისა, სამინისტროს მიერ არ მომხდარა დაფინანსების არსებული მოდელის შეფასება, არ გაანალიზებულა გაწეულ ხარჯსა და მიღწეულ შედეგებს შორის ურთიერთკავშირი.

“აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება, რა გათვლებსა და კვლევებს ეფუძნება დაფინანსების არსებული მოდელი და კონკრეტული კომპონენტების მიხედვით, რა საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა ვაუჩერის ოდენობა; არ არის განხორციელებული იმ ხარჯებისა და საჭიროებების ანალიზი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს სკოლას და რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს მათზე მიმართული დაფინანსების ოდენობა”, – წერია დასკვნაში.

გარდა ამისა აუდიტის მიხედვით:

* სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირების შედეგად მისაღწევი მიზანი არ არის განსაზღვრული, რომელთან მიმართებითაც შეფასდება საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობა;

* სამეურვეო საბჭოს საქმიანობის ანალიზის შედეგად ჩანს, რომ ძირითად შემთხვევაში საბჭოს წევრების როლი სკოლის მართვის პროცესში ფორმალურ ხასიათს ატარებს: წევრები ნაკლებად არიან ჩართულები სკოლის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას;

* სამინისტროს მიერ არ არის ჩატარებული საბჭოს საქმიანობის კვლევა და ეფექტიანობის შეფასება. არ არის შესწავლილი საბჭოს წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები, რაც შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელების დაგეგმვას შეუწყობდა ხელს;

* რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა რესურსცენტრში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა იდენტურია, მიუხედავად მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სკოლებისა და ამ სკოლებში მოსწავლეების განსხვავებული რაოდენობისა, რაც ქმნის ფუნქციების არასათანადოდ განხორციელების რისკებს. ანალიზის მიხედვით, იდენტური თანამშრომლების რაოდენობის პირობებში იკვეთება შემთხვევა, როდესაც ერთი რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობა 7-ჯერ აღემატება, მეორე რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობას.

banner
წინა სტატიაშიდავით ფაცაციამ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიავიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდა