სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა თბილისის მერიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის აუდიტი, რომელიც მერიის ბალანსისა და აქტივების შეფასების დოკუმენტს წარმოადგენს.
აუდიტის თანახმად, მერიას არასწორად აქვს აღრიცხული მის მიერ დაფუძნებული საწარმოების აქტივებიც. საუბარია თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე, თბილსერვისს ჯგუფსა და სხვა მუნიციპალურ კომპანიებზე, რომლებიც მერიის დაქვემდებარებაშია. 24 კომპანიის საერთო აქტივებად მერია 1.44 მილიარდ ლარს უთითებს, თუმცა აუდიტის ანგარიშის თანახმად, ამ ორგანიზაციებიდან 9-ს 2023 წლის მდგომარეობით ჰქონდა დაგროვილი ზარალი 747 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო აქტივების სამართლიანად შეფასებისთვის აუცილებელია ამ ზარალის აქტივის ღირებულებისთვის გამოკლება და შესაბამისი რიცხვით შემცირება, რაც მერიის ფინანსურ სამსახურს არ ჩაუტარებია.
“ორგანიზაციების 2023 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის 9 კონტროლირებულ საწარმოს უფიქსირდება აკუმულირებული ზარალი − 747,401,764 ლარი. ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ ორგანიზაციებზე ინვესტიციები ასახულია საბალანსო ღირებულებით − 1,141,076,287 ლარი, რომელიც არ არის შეცვლილი წლების განმავლობაში მიღებული 747,401,764 ლარის ზარალის მაჩვენებლის შესაბამისად,”- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
მაგალითად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს 93 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, ასევე ზარალიანია კომპანიისთვის ფაქტობრივად ყველა სხვა წელიც, რის გამოც მხოლოდ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 722 მილიონი ლარის დაგროვილი ზარალი ჰქონდა. რაც შეეხება “თბილსერვის ჯგუფს”, 2023 წელს ამ კომპანიის ზარალი 13 მილიონი ლარი იყო, ხოლო კომპანიის მიერ აკუმულირებული ჯამური ზარალი 341 მილიონ ლარს შეადგენდა.














