ია კერზაიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს. კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, ამით დასტურდება, რომ სკოლიდან ია კერზაიას გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
თავად ბაჩანა შენგელია აუცილებლად მიიჩნევს, რაც შეიძლება დროულად დაიკითხოს განათლების მინისტრი, ზუგდიდის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო საქმეში.
„პროკურატურამ დაადასტურა გამოძიების დაწყებით ის ფაქტი, რასაც ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით. აუცილებელია მინისტრის დაკითხვა, ბატონი მიხეილ ბატიაშვილის, ასევე ის ინსპექტორები, რომლებიც ჩავიდნენ და უშუალოდ განახორციელეს ეს თავდასხმა მათ ხელმძღვანელებთან ერთად, სამმართველოს უფროსთან და დეპარტამენტთან ერთად და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურს ცენტრის როლი, რომლებიც ხელს უწყობდნენ მათ ამ დანაშაულის ჩადენაში,“-განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.