აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან. საუბარია სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების საკითხებზე, ასევე სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებულ გადაადგილებაზე.

„მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვამ, მოქალაქეებს სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნა, ძალიან ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, სოფლის რწმუნებულებს და მაჟორიტარებს მიეცეთ გადაადგილების უფლება, რათა მოემსახურონ საჭიროებისამებრ ადგილობრივ მოსახლეობას“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებულ მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილებას ეხება.

„სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება – მათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ექნებათ შესაძლებლობა დილის ექვსი საათიდან რვა საათამდე, ანუ ორი საათის განმავლობაში და საღამოს ექვსი საათიდან შვიდ საათამდე, ანუ ერთი საათის განმავლობაში გადაადგილდნენ ამ სამუშაოების საწარმოებლად. შესაბამისი ნებართვების გაცემას რეგიონული შტაბები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები განახორციელებენ“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას შეძლებს
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია: რუსეთს განზრახული აქვს აფხაზეთში ე.წ ყირიმის ქვედანაყოფის დატოვება