ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ახალი შენობა გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ახალი შენობა გახსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს და უნიკალური მონაცემთა ბაზა გააჩნია.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლაბორატორია გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებს პასუხობს.

“ლაბორატორია განახორციელებს კვლევებს ატმოსფერული ჰაერის, წყლების და ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის მიმართულებით. ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ძალიან ბევრი ახალი ვალდებულება გვაქვს, რომელიც ქვეყანაში გარემოს დაბინძურებისგან დაცვის საშუალებას იძლევა. ამ ყველაფრის განხორციელებისთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა გვქონდეს. რამდენიმე წელია მიმდინარეობს მუშაობა ამ ახალი ლაბორატორიის მშენებლობასა და აღჭურვაზე. ლაბორატორია იმ ყველა გამოწვევას 100%-ით პასუხობს, რომელიც გარემოსდაცვითი კუთხით გვაქვს”, – განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ლაბორატორიაში დაინერგება შესაფუთი მასალის ანალიზი, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემადგენლობის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების განსაზღვრა. ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შესაძლებელი იქნება მყარი და თხევადი ნარჩენების სახიფათოობის დადგენა, შესაფუთი მასალების ხარისხის კვლევები.

უახლოეს მომავალში ლაბორატორიას “ევროკავშირის პროექტის წყლის ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის” ფარგლებში ულტრათანამედროვე ტიპის მოწყობილობები გადმოეცემა, რომლის საშუალებითაც ლაბორატორიას შესაძლებლობა ექნება განსაზღვროს წყლის ჩარჩო დირექტივით დადგენილი პრიორიტეტული დამაბინძურებლების კონცენტრაციები.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლას სამხრეთ კორეის უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს
შემდეგი სტატიაქერჩის სრუტის მოვლენებს ნატო ყურადღებით აკვირდება