ათონელი ბერის წერილი ქართველ ერს უკრაინის საეკლესიო საკითხის გამო

მე, როგორც ათონელი მონოზონი, რომელსაც პანტოკრატორის მონასტრის არხონდარიკში (მისაღები) მორჩილების გამო, უკვე მრავალი წელია კავშირი მაქვს რუს და უკრაინელ მომლოცველებთან, ვხედავ რომ ეს ბოლო წელია ყველა მათგანს აინტერესებს უკრაინის საკითხი. კითხვებს, რასაც ხშირად სვამენ, ყოველთვის ერთნაირია და ძირითადად ეს ცრუ ინფორმაციებიდან მოდის, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება. მარტივად არის გასაგები, თუ რამხელა ზიანს აყენებს ეს მათ. ამის გამო მათ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან დახმარების ნაცვლად, მკითხველებს ფანატიზმში აგდებენ. მსურს, პასუხი გავცე ამ ყველა ჩვეულ კითხვას, რასაც მისვამენ.

  1. პუბლიკაციები და კრიტიკა მსოფლიო პატრიარქის წინააღმდეგ, ასევე ჩემი და ქსენოფონტის მონასტრების წინააღმდეგ კათოლიკეებთან „თანალოცვის“ გამო

რა არის თანალოცვის მნიშვნელობა? ის, რომ ერთ ადგილას ვარ ვინმესთან ერთად? ესე იგი, თუ ერთი მართლმადიდებელი შევა კათოლიკურ ეკლესიაში მსახურების დროს და ცოტახანში იქ დარჩება, ეს ნიშნავს, რომ თანალოცულობს? რა თქმა უნდა, არა. თუ პირიქით, ერთი კათოლიკე მართლმადიდებლურ ტაძარში შევა და ილოცებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა იქ მყოფი თანალოცულობს მასთან ერთად? რა თქმა უნდა, არა. მაშინ ამ ლოგიკით ძალიან ბევრს ექნება თანანალოცი სხვა ქრისტიანებთან ერთად ისე, რომ მან არც იცის. ვინ იცის ის მიზეზი, რის გამოც ყოველი ადამიანი შედის ეკლესიაში? სინას მონასტრის ცენტრალურ ადგილში მეჩეთი დგას. როდესაც მუსულმანები ლოცულობდნენ, იქ მყოფი ბერები მათთან ერთად თანალოცულობდნენ? რა თქმა უნდა, არა. ათონის მთაზე, თურქების მმართველობის დროს, როდესაც სულ სულთნის ვიზიტი ხდებოდა ათონზე და მას დახვედრას უწყობდნენ და კათედრაზე აყენებდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბერები მასთან ერთად ლოცულობდნენ? რა თქმა უნდა, არა. წმინდა პორფირი მის სულიერ შვილებს ეტყოდა ხოლმე: “ღამის 3:00-ზე ავდგეთ და ვილოცოთ”, მაშინ როდესაც ყველა საკუთარ სახლში იყო. ეს არ არის თანალოცვა? რა თქმა უნდა, არის. მაშ სულ სხვა არის თანალოცვის მნიშვნელობა და არა ის, რასაც ხშირად წარმოაჩენენ მედია სივრცეში. ცუდი ის არის, რომ ბევრს ამის ჯერა. უფალი უყურებს ადამიანთა სულებს და არა იმას თუ სად არიან ისინი. “არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ” (იოან. 4, 23-24). კათოლიკეებიც უფლის შვილები არიან და უკან უნდა დარუნდნენ. ეს მხოლოდ დიალოგით არის შესაძლებელი. მსოფლიო პატრიარქს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ამ დიალოგის წარმართვაში. რამდენიც არ უნდა განიკითხონ და განსაჯონ, ის მეტად ყურადღებიანია და დოგმებს არ სცდება. ასე, რომ ასეთი “თანალოცვები”, როგორც უწოდებენ, ძალიან ბევრი ხდება ასევე სხვა ადგილობრივ ეკლესიებშიც [განსაკუთრებით რუსეთის ეკლესიაში – მთარგმნელის შენიშვნა], მაგრამ სინამდვილეში მათ მსოფლიო პატრიარქი აწუხებთ და არა თანალოცვა.

  1. მსოფლიო პატრიარქის ვიზიტის შესახებ ათონის მთაზე ოქტომბრის თვეში

ამ წრეების მიერ ხდება მცდელობა მსოფლიო პატრიარქის ვიზიტის (ათონის მთაზე) დიდებულება დააკნინონ და გააუფასურონ, მაგრამ ჩვენ ვინც ეს (პატრიარქის ვიზიტი) ახლოდან ვიხილეთ, უკეთ ვიცით საკითხი. რუსულად თარგმნეს ერთი ათონელი ბერის წერილი მსოფლიო პატრიარქის წინააღმდეგ და რუსეთში ავრცელებდნენ. კი მაგრამ, ნეტავ ამ ხალხს სურს ერთობა? ისინი ვინც ბერების მცირე ჯგუფის აზრს ეყრდნობიან და მუდამ მსოფლიო პატრიარქის წინააღმდეგნი არიან ყველა საკითხში. ახლა კი უკრაინის თემაა ეპიცენტრში. მაგრამ ესენი არ არიან ათონის მთის „ხმა“. ათონის მთის „ხმა“ არიან მონასტრების წინამძღვრები და წმინდა კინოტი (ათონის მთის მმართველი ორგანო). ყველა მათგანი იყო მსოფლიო პატრიარქის დახვედრისას კარიესში და სინაქსსაც (კრებას) დაესწრნენ, ერთი მონასტრის გარდა, რომელიც მსოფლიო პატრიარქის წინა ვიზიტების დროსაც არ იმყოფებოდა საკუთრი მიზეზების გამო. ისინი ასევე საუბრობენ მრავალრიცხოვან პოლიციელებზე, რომლებიც მსოფლიო პატრიარქს იცავდნენ. კი მაგრამ მსოფლიო პატრიარქს არ მოიყვანია პოლიცია. საბერძნეთი ვალდებულია ყველა უმაღლესი პირისთვის, რომელიც ქვეყანას ესტუმრება, გამოყოს დაცვა. იგივე მოხდა ასევე 2013 და 2016 წლებში, როდესაც მოსკოვის პატრიარქი ათონის მთას ეწვია, მაგრამ მან თავისი მრავალრიცხოვანი დაცვა მოიყვანა, მაგრამ ახლა არ აწყობთ, რომ ეს ახსოვდეთ.

  1. „სქიზმატი“ ფილარეტის მოუნანიებლობის შესახებ

ამტკიცებენ, რომ ფილარეტმა არ მოინანია, მაგრამ როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილარეტმა არ მოინანია? 6-ჯერ მიმართა მსოფლიო საპატრიარქოს აპელაციის თხოვნით, რომ მისი აღდგენა მომხდარიყო. მსოფლიო პატრიარქს და წმინდა სინოდს ეს უცებ არ გადაუწყვეტია. ამის გარდა მან ჭეშმარიტი მონანიება უკვე მისი საქციელით ანახა, როდესაც მან გადაწყვიტა „კიევის საპატრიარქი“ გაეუქმებინა, რომელშიც 27 წელი მსახურობდა. თუ მას არ ექნებოდა მონანიებული, გამორიცხულია მას ხელი მოეწერა „კიევის საპატრიარქოს“ გაუქმება-დაშლაზე. როდესაც ამბობენ, რომ მან არ მოინანია, ფაქტია იმას გულისხმობენ, რომ არ მოინანია უკრაინისთვის ავტოკეფალია რომ სურდა. ამის გამო უნდათ, რომ მოინანიოს. შესაძლოა მის ხარისხში აღდგენის შემდეგ, მან აზრი შეიცვალა, მაგრამ ეს მისი პირადი არჩევანია.

  1. მსოფლიო საპატრიარქოს უფლების შესახებ ყოფილი სქიზმატების და „თვითხელდასხმული“ მაკარის საიდუმლოებები აღიაროს

პასუხს გვაძლევს ეკლესიის ისტორია იგივენაირი რთული მაგალითებით:

  • წმინდა კირილე იერუსალიმელი ეპისკოპოსად არიანელისგან ეკურთხა. შემდეგ ის შემობრუნდა მართლმადიდებლობისაკენ და ის მიღებულ იქნა როგორც მღვდელმთავარი, მაგრამ ასევე მის მიერ ყველა ნაკურთხი არ იქნა ხელახლა ხელდასხმული.
  • წმინდა ანატოლი კონსტანტინოპოლელი ეკურთხა ერესიარქი მონოფიზიტი დიოსკორესაგან, რომელმაც მოკლე წმინდა ფლავიანე კონსტანტინოპოლელი, მაგრამ წმინდა ანატოლი არ იქნა ხელახლა ხელდასხმული მიუხედავად იმისა, რომ მისი მაკურთხეველი ერეტიკოსი და მკვლელი იყო.
  • ყველა ის ვინც ერეტიკოსი პეტრე მონგოსგან [მკაწვრელი] იქნა ნაკურთხი (ხელდასხმული), ევტიქიანიზმის დაგმობის შემდეგ, ქალკედონის მსოფლიო კრებამ ისინი მათივე ხარისხით მიიღო ყოველგვარი ხელახლა ხელდასხმის გარეშე.
  • წმინდა საბას ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ როდესაც იერუსალიმის პატრიარქი ილია გარდაიცვალა, საპატრიარქო ტახტზე სევირიანელების მიერ არჩეული ეპისკოპოსი იოანე გამოირჩიეს და აკურთხეს, რომელმაც მოგვიანებით წმინდა საბა და თეოდოსის ღვაწლით მიიღო მართლმადიდებელობა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ის ერეტიკოსებისგან იქნა ნაკურთხი, მისი ხელახალი ხელდასხმა არ მომხდარა.

ასეთი მრავალი ისტორიული მაგალითი არსებობს, თუ გადავხედავთ ხიოსის მიტროპოლიტ გრიგოლის ნაშრომს სახელწოდებით “სომხებისა და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანების შესახებ”, რომელიც 1871 წელს გამოიცა.

ასევე ანალოგიური შემთხვევა მოხდა ბულგარეთის ეკლესიაში, რომელიც 70 წლის განმავლობაში სქიზმაში იყო. 1945 წელს სქიზმა დაემხო და ყველა ბულგარელი სასულიერო პირი არ იქნენ თავიდან ხელდახმულნი, მიუხედავად იმის, რომ მანამდე ისინი სქიზმატები იყვნენ.

ვხედავთ, თუ როგორ იყენებდა ეკლესია საეკლესიო იკონომიას, როდესაც საკითხი ადამიანთა ცხონებას ეხება.

უკრაინის ეკლესიის საკითხი ბევრად მარტივია იმ ურთულესი შემთხვევებიდან, რასაც ეკლესია წარსულში უმკლავდებოდა ერეტიკოსებთან მიმართებაში. აქ განსხვავება ადმინისტრაციულ საკითხებშია და არა დოგმატურში. იმ შემთხვევებში კი მივიღეთ და ვაღიარეთ ხელდასხმები იმ ადამიანებისგან, რომლებიც სრულიად საწინააღმდეგო დოგმის იყვნენ, ერეტიკოსებისაგან. ამაოა საკითხებს ვუყუროთ ფორმალურად და რაციონალურად. ეკლესია კანონებზე მაღლა დგას. კანონებს არ შეუქმნიათ ეკლესია, არამედ ეკლესიამ შექმნა კანონები და თუ დაგვჭირდა, საჭიროების შემთხვევაში კანონის შეცვლაც შეიძლება [როგორც ეს მრავალგზის მომხდარა ეკლესიის ისტორიაში].

მაკარიოსზე ამბობენ, რომ თვითნაკურთხია და ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს თვითხელდასხმულის აღიარება. მრავალი სტატია გამოქვეყნდა სადაც მტკიცდება, რომ არ არის თვითნაკურთხი, მაგრამ ყურადსაღებია ის შეღავათები (იკონომია), რაც ეკლესიამ რთულ პერიოდებში დაუშვა სწორედ ხელდასხმების (ქიროტონიის) საკითხში. როგორც უკვე ავღნიშნე ყველაზე სკანდალური შემთხვევები, როდესაც აღიარებულ იქნნენ ერეტიკოსების მიერ ხელდასხმული ეპისკოპოსები, რომელთაც (ერეტიკოსებმა) უდიდესი ზარალი მიაყენეს ეკლესიას.

ეკლესია არის დედა, რომლის მიზანია ადამიანთა ცხონება, როგორ აცხონოს და არა როგორ დაღუპოს. ასეთ გადაწყვეტილებებს საუკუნეების განმავლობაში ეკლესია შეღავათით (იკონომიით) იღებდა, რათა შენარჩუნებულიყო ერთობა და ადამიანთა ცხონება ეკლესიის წიაღში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეკლესია იღებს აერობაპტისმას (ჰაერით ნათლობა), რასაც ერისკაცები აღსრულებენ, მაშინ როდესაც ახალდაბადებული ჩვილი კვდება. ასევე წმინდა ათანასე დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ, როდესაც ბავშვი იყო, თამაშით მონათლა ერთი სხვა ბავშვი, რის შემდეგაც ეკლესიამ აღიარა ეს ნათლობა. სულიწმინდას „სადაც სურს იქ სუფევს“, არ არსებობს ლოგიკური განმარტება. ღმერთს „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“ (I ტიმ. 2,4). ვის დააინტერესა ეს მილიონობით უკრაინელი, რომელნიც 27 წლის განმავლობაში (და მეტი) სქიზმაში იყვნენ? ყველა დაკავებულია ორი ადამიანით, ფილარეტითა და მაკარით. წესით ყველას უნდა გვიხაროდეს, რადგან უკრაინელმა ერმა სრული შემადგენლობით ჰპოვა „ცხონების გზა“. ქრისტეს ეკლესია უკვე მრავალ მილიონ ახალ წევრს ითვლის.

  1. 1686 წლის წერილის გაუქმების შესახებ

საკითხავი ის არ არის, თუ რატომ გააუქმა მსოფლიო საპატრიარქომ 1686 წლის დოკუმენტი, არამედ ის, თუ რატომ არ შეასრულა ის პირობები მოსკოვის საპატრიარქომ, რომელიც ამ აქტმა (წერილმა) განსაზღვრა, რომელიც პრაქტიკაში თვითონვე გააუქმა. მოსკოვის საპატრიარქომ შექმნა, რაღაც თავისთვის, ეკლესიის კურთხევის გარეშე და ის რაც ეკლესიის კურთხევის გარეშე კეთდება, არ აქვს კარგი დასასრული. როდის იქნა მოხსენიებული მსოფლიო პატრიარქი (როგორც ამას 1686 წელის აქტი ადგენს)? არასდროს. რადგან მოხსენიება, როგორც ძალიან კარგად ვიცით, ნიშნავს სულიერ მორჩილებას იმასთან, ვისაც იხსენიებ, მაგალითად, ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც სერბეთის პატრიარქი იხსენიება, ის ექვემდებარება სერბეთის საპატრიარქოს; ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც რუმინეთის პატრიარქი იხსენიება, ის ექვემდებარება რუმინეთის საპატრიარქოს და ა.შ. სინამდვილეში ეს დოკუმენტი არ გაუქმებულა ახლა, არამედ მაშინ, როდესაც მოსკოვის პატრიარქმა არ დაიცვა და არ შეასრულა პირობები, რომლებიც დადგენილი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან უჩვეულოა, რომ ეს ჟურნალისტური სივრცეები არასდროს საუბრობენ ამის შესახებ, არამედ მხოლოდ საეკლესიო ტრადიციას მოიხმობენ ხოლმე. ბუნებრივია, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში შეიძლება ჩამოყალიბდეს გარკვეული სახის საეკლესიო ტრადიცია, მაგრამ ეს მსოფლიო საპატრიარქოს არ უკარგავს უფლებას გააუქმოს დოკუმენტი, რათა უკრაინა კვლავ დაუბრუნდეს მის წიაღს.

მსოფლიო საპატრიარქომ, მიხედავად  მის ტერიტორიაზე რუსეთის ეკლესიის გამუდმებული შემოჭრისა, არ მოითხოვა ის, რაც მას ეკუთვნოდა, მაგრამ მხოლოდ ახლა, რადგან ამხელა ერი სქიზმაში იყო, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე. ის არ მოქმედებდა საკუთარი სარგებელისათვის, რაც შეეძლო გაეკეთებინა მრავალი საუკუნის წინ, მაგრამ მხოლოდ უკრაინელი ერის სიყვარული და ცხონება იყო ის, რაც მსოფლიო საპატრიარქოს უბიძგა, მაშინ როდესაც ამის დიდი საჭიროება იდგა. ვალდებული იყო მილიონობით მორწმუნეთი დაინტერესებულიყო, დაეტოვებინა 99 ცხვარი და იმ ერთის საძებნელად წასულიყო, რომელიც დაიკარგა. ყველა ველოდებოდით რუსეთის ეკლესიას ეს საკითხი გადაეჭრა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლიდან უკრაინის ეკლესია ითხოვდა ავტოკეფალიას (განაცხადზე ხელი მოწერილი აქვს ასევე მიტროპოლიტ ონუფრესაც). რუსეთის ეკლესიისათვის ძალიან რთული იქნებოდა ეღიარებინა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რადგან ამითი ის დაკარგავდა დიდ ტერიტორიასა და მოსალოც ადგილებს. გასაგებია მისი ეს წინააღმდეგობა, ლოგიკურია და ადამიანური, მაგრამ საერთოდ არ არის სულიერი. მეორეს მხრივ, მსოფლიო პატრიარქი და წმინდა სინოდი მოქმედებს დიდი სიბრძნითა და ლოცვით. სურს, რომ ყველა ერთად იყოს, იხსენიებს ყველას, ეკლესიის კანონების დაურღვევლად იღწვის ერთობისათვის. რამდენიც არ უნდა ეცადონ, გაკიცხონ და სამყაროს შეაძულონ [მსოფლიო პატრიარქი], მაინც ვერ მოახერხებენ, რადგან ღმერთმა უწყის ჭეშმარიტება. მსოფლიო საპატრიარქომ აღადგინა კანონიკურობაში უკრაინის ყოფილი სქიზმატები, ხოლო თუ რუსეთს ენდომებოდა ერთობა, მაშინ მისთვის ეს ძალიან ადვილი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უფრო მეტად აღელვებს არ დაკარგოს უკრაინა, სწორედ ეს ქმნის დიდ პრობლემებს მსოფლიო მართლმადიდებლობაში.

  1. იმის შესახებ, რომ მსოფლიო პატრიარქს აღმოსავლეთის პაპს უწოდებენ და ის, რომ მას სურს იყოს პირველი თანასწორთა გარეშე

მსოფლიო საპატრიარქოს არ უღიარებია სქიზმა, როგორც ეს ჟურნალისტური წრეები წერენ, მაგრამ სქიზმას უმკურნალა, უკვე უკრაინაში აღარავინ აღარ არის სქიზმატი. მას (მსოფლიო საყდარს) ამის უფლება ჰქონდა, უკრაინა მისი იურისდიქციის ნაწილი იყო, მაგრამ ამის გარდა ეკლესიამ მსოფლიო კრებების მეშვეობით მსოფლიო საპატრიარქოს მიანიჭა უფლება სხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან მიიღოს აპელაცია და ხელახლა განსაჯოს კონკრეტული საკითხი. არცერთი  სხვა პატრიარქის მიმართ არ ხდება განცხადების გაკეთება აპელაციის თაობაზე. ამას ამტკიცებს ასევე 1663 წელს რუსი სასულიერო პირების კითხვა სხვა პატრიარქებისადმი, აქვს თუ არა უფლება მსოფლიო საპატრიარქოს განსაჯოს სხვა ეკლესიების საკითხები. ყველა პატრიარქმა ერთხმად უპასუხა, რომ ამის უფლება მხოლოდ მსოფლიო პატრიარქს აქვს. ასევე ეკლესიის ისტორია სავსეა აპელაციის თხოვნის შემთხვევებით, როდესაც სხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან მიმართავდნენ მსოფლიო საპატრიარქოს პრობლემატური საკითხების მოსაგვარებლად. არ არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიის ისტორიაში ფაქტი, რომელიც გამოავლენს ერთ შემთხვევას მაინც, როდესაც რომელიმე სხვა პატრიარქს [გარდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქისა], მიმართეს აპელაციის თხოვნით. ის ვინც აღიარებს მსოფლიო პატრიარქის ამ უფლებას, აღიარებს უკრაინის ყოფილი სქიზმატების აღდგენასაც.

ამის გარდა მსოფლიო საპატრიარქოს უფლება არის ავტოკეფალიის გადაცემა ადგილობრივ ეკლესიებზე, ასე მოხდა ყველა ადგილობრივ ეკლესიის შემთხვევაში, რუსეთიდან დაწყებული (XVI საუკუნეში) დამთვრებული უკრაინამდე. უეჭველად მართლმადიდებელი ეკლესიის თავი ქრისტეა და მართლმადიდებელი ეკლესია სინოდალურია, მაგრამ ყველა კრებას აუცილებლად ერთი იწვევს, რომელიც თავმჯდომარეობს კიდეც. მოსკოვის საპატრიარქოში, პატრიარქი კირილე, სერბეთის საპატრიარქოში, პატრიარქი ირინეოსი, საბერძნეთის ავტოკეფალურ ეკლესიაში, მთავარეპისკოპოსი იერონიმე და ასე შემდეგ. მაშ მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტლებით, ადგილობრივ მწყემსმთავართა კრების მომწვევი და თავმჯდომარე მუდამ მსოფლიო პატრიარქია. ამას ეკლესიის ტრადიცია განსაზღვრავს და ის ვინც ამ პრივილეგიებს უარყობს, ის უარყობს ეკლესიის ტრადიციას. ეს არის ჭშმარიტება მოგვწონს თუ არა. პატრიარქი არ არის პაპი და პირველი თანასწორთ გარეშე. ის არაფერს აკეთებს ისეთს, რაც მას არ ეკუთვნის და ეკლესიას არ გადაუცია მისთვის.

  1. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მიერ ტაძრების მითვისებისა და დევნის შესახებ

2018 წლის 11 ოქტომბრის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის განცხადების მეხუთე პუნქტში ვკითხულობთ: „მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეწყდეს ტაძრების, მონასტრებისა და ქონების მითვისიება, მაგრამ ასევე ძალადობის გამოვლინება და დაისადგუროს მშვიდობამ“. ინებეთ, ეს არის მსოფლიო პატრიარქის სურვილი. გარკვეული ჟურნალისტური წრეები ავრცელებენ ცალმხრივ ინფორმაციებს, ის რაც მათ აწყობთ. თუ კარგად მოიძიებთ, ნახავთ, რომ არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც დაზარალებული ავტოკეფალური ეკლესიიდან არიან.

  1. მსოფლიო პატრიარქის წინააღმდეგობა სავარაუდო პანორთოდოქსული კრების შესახებ

როგორც ვიცით, მსოფლიო საპატრიარქომ ყველა ეკლესიას ავტოკეფალიები გადასცა ყოველგვარი პანორთოდოქსული კრებების გარეშე. მსოფლიო საპატრიაქომ გადაწყვიტა, რომ მისი ექსკლუზიურ უფლება გაეუქმებინა და  ავტოკეფალიები ყველა მწყემსმთავართან ერთად გადაეცა. ეს საკითხი წმინდა და დიდ კრებამდე მრავალგზის განიხილეს, არსებობდა შესაძლებლობა ეს საკითხი სწორედ კრეტის კრებაზე გაეტანათ და იქ ემსჯელათ. სამწუხაროდ, მოსკოვის საპატრიარქომ უარი განაცხადა მონაწილეობა მიერო კრებაში. ასევე 1686 წლის დოკუმენტის გაუქმებით უკრაინა კვლავ მსოფლიო საპატრიარქოს დაუბრუნდა. მოწვეულ იქნა გამაერთიანებელი კრება, სადაც ყველა იქნა მოწვეული, ასევე მიტროპოლიტ ონუფრეც, რომელსაც შეეძლო გამხდარიყო მწყემსმთავარი, მაგრამ მასაც არ სურდა კრებაში მონაწილეობა. როდესაც მსოფლიო პატრიარქმა ისინი მოიწვია შეეძლოთ ყველა მათგანი წასულიყო კრებაზე და დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი,  მაგრამ მათ უარი განაცხადეს. ახლა კი მათ სურთ ეს ყველაფერი გარკვეული პირობებით მოხდეს, მაგრამ უკვე გვიანია, მაგრამ თუ ახლაც ასე მოხდებოდა, მაინც  მსოფლიო პატრიარქს უნდა მოეწვია ეს კრება, რომელის თავმჯდომარეც თვითონ იქნებოდა.

  1. რაც შეეხება კითხვას, „რატომ არ აღიარებენ ყველა დანარჩენი ეკლესიები?“

მრავალი მიზეზი არსებობს იმისა თუ რატომ იკავებენ თავს ეს ეკლესიები, რომლებიც თვითონ იციან. მაგალითად შიში ევქარისტიის გაწყვეტისა, ეკონომიკური დახმარების დაკარგვის, მუქარები საეკლესიო იურისდიქციებში შეჭრის შესახებ (ეპარქიებისა და სამრევლოების დაარსება) და ა.შ. ადგილობრივმა ეკლესიებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს პრობლემები რაც არის გამოწვეული, მომდინარეობს პოლიტიკურად და ეკონომიკურად უძლიერესი რუსეთის ეკლესიისგან… ასე, რომ ლოგიკურია ეს შეყოვნება.

  1. მთავარეპისკოპოს იერონიმეს შესახებ (საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი), რომ თითქოს პოლიტიკური ზეწოლით მოხდა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარება

პირველ რიგში უნდა ითხვას, რომ მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ ეს საკითხი შესასწავლად ორ სინოდალურ კომისიას გადასცა, სადაც მოხდა ამ თემის თეოლოგიური და საეკლესიო მხრიდან შესწავლა, რის შემდეგაც კომისიებმა მოხსენება წმინდა სინოდს გადაუგზავნეს, რომელმაც დიდი ყურადღებით შეისწავლა. ამის შემდეგ მთავარეპისკოპოსმა საკითხი იერარქიის წმინდა სინოდზე ოქტომბრის თვეში გაიტანა, სადაც გადაწყდა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარება. ფაქტია, რომ ჟურნალისტური წრეების მიერ გავრცელებული არგუმენტები მხოლოდ მათი ფანტაზიის ნაყოფია.

  1. რაც შეეხება იმას, რომ წმინდა მთაზე უკრაინელ მომლოცველებს ეკითხებიან „ონუფრესი ხარ, თუ ეპიფანესი?“

სიმართლე გითხრათ მეც მიკითხავს ეს, მაგრამ ეს მაშინ შევწყვიტე, როდესაც ერთმა უკრაინელმა მკითხა: „4 მონასტერს ვეწვიე. ორ მონასტერში რატომ მკითხეს ონუფრესი ვარ, თუ ეპიფანესი? არ მინდა, რომ ვუპასუხო. მნიშვნელოვანია ეს? ონუფრესი ვარ, მაგრამ მინდა ავტოკეფალია, ჩვენი ეკლესია უნდა იყოს დამოუკიდებელი“. მაშინ მე ვუპასუხე: „მართალია, ეს უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის. ყველა მიღებულია, ყველა კანონიკურია… როდესაც გკითხავენ კიდევ ამას უპასუხე – არ ვიცნობ არც ონუფრეს და არც ეპიფანეს. უფალი ვიცი მხოლოდ, ის მინდა, რომ ჩემს გულში იყოს. უფალი არ გვკითხავს ამას, არამედ იმას, გვიყვარდა თუ არა ჩვენს გვერდით მყოფი, თუ გვძულდა. ეს არის მნიშვნელოვანი“. აღსარება ჩააბარა, ეზიარა და წავიდა, გულში კი ქრისტე ყავდა.

ერთხელ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის სასულიერო პირმა საუბრისას მითხრა, რომ მათი ეკლესია ავტონომიურია, რადგან გააჩნიათ საკუთარი სინოდიც. ასევე თქვა, რომ „სქიზმატების“ ტაძრებში მკრეხელური ფრესკები აქვთ, სადაც წმინდანებთან ერთად გამოსახული ყავთ ცოცხალი ადამიანები, ასევე არასდროს ქადაგებენ ღმერთზე, მხოლოდ პრეზიდენტზე, „ცუდ“ მოსკოვის საპატრიარქოზე, ამერიკელების დახმარებაზე და სხვა. მაშინ ვუპასუხე, რომ ყოველ წირვაზე პატრიარქ კირილეს იხსენიებთ და ის, რომ მიტროპოლიტი ონუფრე რუსეთის საპატრიარქოს სინოდის მუდმივი წევრია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი ეკლესია არ არის სრულად ავტონომიური. შეუძლებელია მათმა ეკლესიამ მიიღოს რუსეთის ეკლესიისგან განსხვავებული განჩინება, მუდამ ერთად უნდა იყვნენ, სხვანაირად არ გამოდის. მას ვუთხარი, რომ დიდი სიხარული უნდა ჰქონდეთ, რადგან მათი ძმები დაბრუნდნენ, ნუ გახდებით უძღების უფროსი  ძმა. ერთი სისხლი გაქვთ, ძმები ხართ, რომელთაც იპოვეს ცხონების გზა. რაც შეეხება ფრესკებს და ქადაგებებს ღმერთის გარეშე, თქვენ უნდა ასწავლოთ, როგორ გააკეთონ სწორედ. ისინი 27 წელი სქიზმაში იყვნენ, მანამდე კი კომუნიზმში. რა იციან ტრადიცია? დახმარება სჭირდებათ, ისევე როგორც რუსებმა არ იცოდნენ არაფერი კომუნიზმის შემდეგ, რადგან ყველაფერი განადგურებული იყო, მაგრამ კითხულობდნენ, ეძებდნენ, იპოვეს დახმარება და განვითარდნენ. ჩვენ აქედან, მაგრამ თქვენ როგორც მათი ძმები, უნდა დაეხმაროთ. ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ ერთობისათვის. ნუ ებრძვით.

რამოდენიმე წლის წინ რუსმა დიაკონმა (ახლა უკვე პატრიარქ კირილეს მიერ  მღვდელმონაზვნად ხელდასხმული) მითხრა, რომ რადგანაც მათ ეკლესიას ჰყავს უამრავი მრევლი და ძალა, მართლმადიდებლობაში პრიმატი, განმსაზღვრელი როლი და პრივილეგიები სწორედ მათ უნდა ჰქონდეთ. ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქო უკვე თითქმის მრევლის გარეშე არის დარჩენილი თურქეთში. ეპოქა შეიცვალა, უკვე აღარ არსებობს ბიზანტიის იმპერია. ყურებს ვერ ვუჯერებდი. მაშინ უკვე მივხვდი, თუ რა მიზნები აქვთ ჩვენს ძმებს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალურად და საპატრიარქოდ გამოცხადებიდან არ დაუკარგავთ ოცნებები და მიზნები მესამე რომობის შესახებ…. სასაცილოა, რომ მსოფლიო პატრიარქს ბრალს სდებენ სქიზმაში, მაშინ როცა რუსეთი მის მორწმუნეებს ზიარებას უკრძალავს. სქიზმა რუსეთის ეკლესიის მხრიდან მოხდა და არა მსოფლიო საპატრიარქოდან. ყველა ეკლესიას აქვს კავშირი მსოფლიო საპატრიარქოსთან, მაგრამ რუსეთის ეკლესიას არ აქვს უკვე თავის დედა ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი.

ვისურვებთ, ღმერთმა გაანათოს რუსი მღვდელმთავრები, რათა იხილონ ჭეშმარიტება და დაასრულონ ეს სქიზმა რუსებსა და უკრაინელებს შორის.

თუ ვინმე დაინტერესდება ამ საკითხებით, ორივე მხარეს შემხედვარე (ცრუ ინფორმაციების გავლენის გარეშე) მიხვდება, თუ სად არის ჭეშმარირება და რა არის ღვთის ნება.

 

ავტორი: მღვდელმონოზონი ნიკიტა პანტოკრატორელი.

წერილი მღვდელმონაზონმა სპეციალურად სააგენტო “თაიმერს” ექსკლუზირად გამოუგზავნა.

თარგმანი: ნიკოლოზ გურგენიძე

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ბაკურიანსა და გუდაურში შექმნილ წყლის პრობლემას ვიდეომიმართვით ეხმიანება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან საგანგებო შეხვედრა გამართა