„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას პოლიტიკურად არაკორექტულსა და არაკოლეგიალურს უწოდებს.
ინფორმაციისთვის, ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ენმ-ს თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, ოპოზიციურ ალიანსს დატოვებდა.
“გუშინდელ ეთერში თქვა, ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, ვიყრი თუ არა კენჭს და შემოვალ თუ არა “ნაციონალურ მოძრაობაშიო”. “ნაციონალური მოძრაობა” 14 წელია ოპოზიციაშია და ამ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის. პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტული და არაკოლეგიალურია, მითუმეტეს, იდეაში, თუ ამ ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, ამ გუნდს თავმჯდომარის რანგში ან ნებისმიერ სხვა პოზიციაზე შემოუერთდეს. თუ პირველივე განცხადებებით თავს დაესხმება გუნდს, რომლის წევრიც მომავალში, სავარაუდოდ, შეიძლება გახდეს, არ მგონია ეს ის პოზიცია, რომელიც კონკრეტული ადამიანების შორსმჭვრეტელობას ასახავს”,-განაცხადა ცისკარიშვილმა.
მან არ დააკონკრეტა, დაუჭერს თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას მხარს, თუ ის კენჭს იყრის.
“როგორც კი არჩევნები ჩაინიშნება, პარტიის წევრები ვხდებით რიგითი ამომრჩევლები. ყველას თითო ხმა გვაქვს. ვინც საჯარო პირები ვართ, ჩვენს მხარდაჭერას იმ კონკრეტული კანდიდატის მიმართ, რომლის მიმართაც გარკვეული სიმპათიები გვაქვს, როგორც წესი, არ ვმალავთ ხოლმე. შესაბამისად, ალბათ, ამის დრო მოვა და გამოიკვეთება, ვინ, ვის უჭერს მხარს”,-განაცხადა ცისკარიშვილმა.
ამასთან, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებები შეაფასა და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მის რჩევებს გაითვალისწინებს.















