„ათი წლისთავზე ჩვენი მიზანია საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების უზრუნველყოფა ალიანსთან ერთად შემუშავებული გეგმის მიხედვით“ – დავით ზალკალიანი

„ათი წლისთავზე ჩვენი მიზანია საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების უზრუნველყოფა ალიანსთან ერთად შემუშავებული გეგმის მიხედვით. ქვეყანა უნდა იყოს სრულ მზადყოფნაში ნატო-ს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისათვის და პროცესი მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე – ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში წევრობამდე“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა პრეზენტაციაზე „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა – 10 წლის ხედვა – 10 მიზანი“.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანი იქნება ნატო-ში მიმდინარე 2030 სტრატეგიული ადაპტაციის პროცესში და ალიანსის მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიოდ ასახვა. აგრეთვე, ნატო-ს მომდევნო სამიტების, მათ შორის 2022 წლის საკვანძო სამიტის, დღის წესრიგში საქართველოს გაწევრიანების საკითხის ასახვა და გაწევრიანებისაკენ მიმავალი, კონკრეტული, დროში გაწერილი საგზაო რუქის შემუშავება და ალიანსთან შეთანხმება;
როგორც დავით ზალკალიანმა პრეზენტაციისას აღნიშნა, მნიშვნელოვანი იქნება ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება და ინტეგრაციული მექანიზმების (ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი) ეფექტური გამოყენება, რაც უზრუნველყოფს წევრობისთვის საჭირო ყველა პრაქტიკული კრიტერიუმის სრულად დაკმაყოფილებას და ქვეყნის სრულყოფილ მზაობას გაწევრიანების პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის;
დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს კიდევ უფრო მეტი ჩართულობა და ამ გზით წევრობისთვის მზადყოფნის დადასტურება; შავი ზღვის რეგიონში ალიანსის კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და ამ საკითხზე ალიანსის ყველა ფორმატში საქართველოს მონაწილეობა;
„შემდგომი 10 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ. აღნიშნული მოიცავს სტრატეგიულ კომუნიკაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. გაგრძელდება საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იმ პროგრესისა და სიკეთეების შესახებ, რაც ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის თანმდევია. ამავდროულად, საქართველოს დიპლომატიური მისიები განაგრძობენ საზღვარგარეთ აქტიურ კომუნიკაციას ქვეყნის პოზიციონირების მიზნით“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა საგარეო უწყების 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე.

banner
წინა სტატიაში„სამხრეთ კავკასია უნდა ჩამოყალიბდეს თანამშრომლობის, კეთილმეზობლობისა და დინამიკური განვითარების სივრცედ“ – დავით ზალკალიანი
შემდეგი სტატიასაქართველოში სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება მხოლოდ ის პირი, რომელსაც აცრის ორი დოზა აქვს გაკეთებული