Euractiv-ზე დაყრდნობით, Ukrinform-ი იუწყება, რომ ათენი შეშფოთებულია უკრაინის მოთხოვნით — კიევს სურს ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა იმაზე, თუ როგორ იქნება გამოყენებული საზღვაო დრონები სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში.
საბერძნეთი და უკრაინა გასულ ნოემბერში შეთანხმდნენ უპილოტო საზღვაო აპარატების (USVs) ერთობლივ წარმოებაზე. გეგმის მიხედვით, სისტემები უნდა დაეფუძნოს უკრაინულ ტექნოლოგიას, ხოლო წარმოება განხორციელდეს შერეული ინდუსტრიული მოდელით, სადაც ბერძნულ გემთმშენებელ ქარხნებს წამყვანი როლი უნდა შეესრულებინათ.
კიევისთვის შავ ზღვაში რუსეთის წინააღმდეგ საზღვაო დრონების განლაგებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. თავის მხრივ, ათენი ამ დრონებში ხედავს უპირატესობას ეგეოსის ზღვაში, სადაც მას თურქეთთან მრავალწლიანი საზღვაო დავა აქვს (თურქეთმა პირველი საზღვაო დრონი 2021 წელს შექმნა).
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ, თუმცა, ბერძნული მედიის ცნობით, კიევმა წამოაყენა პირობა, რომ მათ უნდა ჰქონდეთ საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მიერ ამ დრონების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის უფლება შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში.
მოლაპარაკებები სირთულეებს აწყდება, რადგან ათენი ამ პირობას არ იღებს. ათენში მიიჩნევენ, რომ უკრაინა ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი თურქეთთან ურთიერთობაში, რომელსაც ის კვლავ განიხილავს მოსკოვთან შუამავლად. თუმცა, კიევს მოლაპარაკებების დროს ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
















