ჩემი გადაწყვეტილებით, ათასზე მეტი სტუდენტი დავაფინანსეთ ბიუჯეტიდან საუკეთესო უნივერსიტეტებში,სააკაშვილმა საკუთარი შვილი დააფინანსა ბიუჯეტიდან – ეს არის მთავარი განსხვავება, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას არასდროს უთქვამს, რომ ამერიკაში სწავლა- განათლების მიღება ცუდია.
„ამერიკის შესახებ რაიმე აუგი არასდროს მითქვამს. პირიქით, ძალიან მიყვარს ამერიკა, პოლიტიკამდეც ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი ამერიკაში, ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკელ ხალხს. ამერიკის განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ჩემმა შვილმა არჩევანი გააკეთა და მოწვევა მიიღო ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს სკოლიდან. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკაში სწავლა, თუ განათლება ცუდია და შვილები არ უნდა გააგზავნონ. იმ ადამიანებს მინდა ვუპასუხო, ვინც თქვა, რომ ძალიან ბევრს სტუდენტს დავალიანება არ აქვს ჩამოწერილი, ვერ იხდის სწავლის საფასურს და ამ დროს პრემიერის შვილი ამერიკაში სწავლობსო. უნდა ვთქვათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, ათასზე მეტი სტუდენტი დავაფინანსეთ ბიუჯეტიდან საუკეთესო უნივერსიტეტებში, სააკაშვილმა საკუთარი შვილი დააფინანსა ბიუჯეტიდან. მე არც ჩემი შვილის და არც ჩემი ოჯახის წევრისთვის არცერთი თეთრი არ დამიხარჯავს ბიუჯეტიდან, ეს არის მთავარი განსხვავება“,- აღნიშნა პრემიერმა.