ასრულებენ პირწმინდად კრემლის დავალებას… ძალიან ეშინიათ გავრილოვის სიის – ენმ სისხლიანი მოვლენების შეფასებაზე

20 ივნისს განვითარებული სისხლიანი მოვლენების შეფასების მიზნით პარლამენტში ორი დოკუმენტია დარეგისტრირებული, რადიკალურად განსხვავებული სულისკვეთებით.

ერთის ავტორი ოპოზიციაა, რომელიც არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებს და იმათ დასჯას ითხოვს, ვინც სასიკვდილო ტყვიების სროლის ბრძანება გასცა.

„ქართული ოცნება“ კი შეთქმულებაზე და კონსტიტუციური წესრიგის დამხობაზე აკეთებს განცხადებას, მის მიერ ინიცირებული დოკუმენტით.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს კრემლის დაკვეთის შესრულებად აღიქვამს.

„ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტი ითხოვდეს ჯალათი მინისტრის გადადგომას, რომლის ბრძანებითაც მოხდა სისხლიანი დარბევა 20 ივნისის ღამეს, ისინი ასრულებენ პირწმინდად კრემლის დავალებას, რომელიც ასევე გაჟღერდა პირადად სერგეი გავრილოვის მიერ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დაიწყოს ნადირობა ანტისაოკუპაციო მომიტინგეებზე,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ქართული ოცნება“ რომ კრემლის ნების გამტარებელია, ამაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეც. რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ გავრილოვის სიის ეშინია.

„ძალიან ეშინიათ გავრილოვის სიის უკვე პარლამენტში, ვინაიდან, მსგავსი სიები, როგორიც არის მაგნიტსკის სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ა.შ. ითვალისწინებს სერიოზული სანქციებს. მაგალითად, სავიზო შეზღუდვებს უცხოეთში, თუკი უცხოეთში ანგარიშები აქვს, ანგარიშების გაყინვას. ტყუილად ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტში არის 28 მილიონერი, ეს არის 28 ოფიციალური, თორემ არაოფიციალური და გადამალული მილიონები არის კიდევ ორჯერ 28. ამიტომ, როგორც ჩანს მათაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გაუჩნდათ გავრილოვის სიის შემდგომ,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიაქცია შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით – პოლიციამ გმირთა მოედანზე მისული ახალგაზრდების განყოფილებაში გადაყვანა სცადა
შემდეგი სტატიაარ ვყოყმანობ, რომ რამე არასწორად გავაკეთე – მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ საყდრისის აფეთქებას ხელს ახლაც მოაწერდა