ასოცირების საბჭო “აღოსავლეთ პარტნიორებს” შორის საქართველოს მოწინავე ქვეყნად აღიარებს

ევროკავშირმა და საქართველომ 16 ნოემბერს ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრა გამართეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საბჭოს სხდომა პარიზში 13 ნოემბერ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის დაგმობით დაიწყო.

„ძალადობრივი ექსტრემიზმის მოგერიება მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საერთო დღის წესრიგისა და ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს საერთო თავისუფლებასა და ღირებულებებს, როგორც ასოცირების შეთანხმებაშია ასახული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასოცირების საბჭომ პოზიტიურად შეაფასა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც 2014 წლის ნოემბერში გამართული ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ არის მიღწეული. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება ევროკავშირში საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართ და აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიული, სტაბილური და აყვავებული ქვეყნის მშენებლობას.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მზაობას, რომ შეინარჩუნოს დადებითი შედეგები რეფორმების განხორციელებაში იმ საერთო ღირებულებების შესაბამისად, რაც ასოცირების შეთანხმებაშია გადმოცემული: დემოკრატიის, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების პატივისცემის კუთხით. ამ კონტექსტში, ასოცირების საბჭომ საქართველო შეაფასა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

„ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას რომ გარდაქმნას სასამართლო სისტემა და გააძლიეროს კანონის უზენაესობა. ევროკავშირმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების და სამართლებრივი დევნისას მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლა და მისი დამფუძნებლები დააჯილდოვეს და მიუკერძოებლობა“, – ნათქვამია ასოცირების საბჭოს განცხადებაში.

ასოცირების საბჭო მიესალმა ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ევროკავშირმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ პროგრესი მიღწეულია დარჩენილი ნიშნულების განხორციელებაში.

ასოცირების საბჭო მიესალმა ადამიანის უფლებების სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში საქართველო მიერ მიღწეულ პროგრესს, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის მიღებას.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირის სფეროში და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებაზე გადამწყვეტი იყო ასოცირების ხელშეკრულების ენერგეტიკული განზომილების განხორციელებისთვის. ევროკავშირი მიესალმა საქართველოსთან ნაყოფიერ თანამშრომლობა გარემოს დაცვის საკითხში და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკაში ევროკავშირის ინვესტირების ხელშეწყობის მნიშვნელობასაც.

ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის გამო ევროკავშირის ხელმძღვანელობით მიმდინარე კრიზისების მართვის საერთაშორისო ოპერაციებსა და მისიებში, მათ შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში, ისევე როგორც, ბოლო წვლილის გამო უკრაინაში სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის რეფორმების ევროკავშირის მრჩეველთა მისიაში.

საბჭოს თავმჯდომარეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მასში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ, ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

ასოცირების საბჭო უმაღლესი ფორმალური ორგანოა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველობისთვის შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიარუსეთის სპეცსამსახურმა ეგვიპტეში თვითმფრინავის კატასტროფა ტერაქტად აღიარა