ასოცირების კომიტეტი მიესალმა საქართველოს ძალისხმევას, უზრუნველყოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება

ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტი მიესალმა საქართველოს ძალისხმევას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. კომიტეტი სრულად აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეული რეფორმების წარმატებას და პროგრესს ყველა იმ სფეროში, რომელთაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ოთხივე ბლოკი მოიცავს და მიესალმება სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ასოცირების კომიტეტმა მოამზადა.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, კომიტეტი მიესალმება სასამართლო სისტემის რეფორმისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას, განსაკუთრებით, პროკურატურის რეფორმის კუთხით.

ასევე, კომიტეტი მიესალმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის მიღებას, ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგიის განხორციელებას და დადებითად შეაფასა შრომის ახალი კოდექსის მიღება.

როგორც ასოცირების კომიტეტმა აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიკაცია არ არის საბოლოო მიზანი. „ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, ისევე, როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, − ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

კომიტეტი მიესალმა 2016 წლის 9 მარტის წინადადებას, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს საქართველოსთვის სავიზო მოთხოვნების მოხსნისკენ მოუწოდა.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა ბრიუსელში გუშინ გაიმართა და დღეს გაგრძელდება.

რეზოლუციის პროექტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“ჩემი იმედი არის ის , რომ “რუსთავი2″ როგორც ოპოზიციური არხი გააგრძელებს მაუწყებლობას”
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ყველა ერთხმად აღიარებს, რომ რეფორმები წარმატებით გატარდა