ასობით გაუქმებული ჯავშანი აჭარის სასტუმროებში და 150 000-ის ზარალი

11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები ტურისტულ სეგმენტზე ნეგატიურიად აისახა, აქციის მეორე დღესვე რეგიონის სასტუმროებში ასობით ჯავშანი გაუქმდა. გარდა ამისა, როგორც ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, ბათუმს 150 ათასი ლარის ზარალი მიადგა. 11-12 მარტის აქციაზე ურთიერთშელაპარაკებას 6 ადამიანის დაპატიმრება მოჰყვა, რაც მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტომობილები და ბლოკირებული ჰქონდათ პოლიციის შენობა. სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.

“მიმდინარე წლის 11-12 მარტს ბათუმში განხორციელებული ვანდალური აქტის შედეგები ქალაქისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. დამწვარი და დაზიანებულია აქციის მიმდებარე ქუჩის ინფრასტრუქტურა, დაიწვა როგორც საპატრულო სამსახურის, ასევე მოქალაქეების ავტომობილებიც, სხვადასხვა კატეგორიის დაზიანებები მიიღეს როგორც შსს-ს თანამშრომლებმა, ასევე მოქალაქეებმა.

“მხოლოდ ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულმა ზიანმა დაახლოებით 150 ათასი ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოქალაქეების საკუთრებაზე მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა”, – განაცხადა ბათუმის მერმა და აღნიშნა, რომ ქალაქში განხორცილებულმა ქმედებებმა განსაკუთებით ცუდი შედეგი ტურისტული თვალსაზრისით მოიტანა.

“ტურისტული სეზონის დაწყებამდე განხორციელებულმა ამ ვანდალურმა აქტმა ნეგატიური ასახვა ჰპოვა ტურისტულ სეგმენტზე – აქციის მეორე დღესვე ასობით ჯავშანი გაუქმდა რეგიონის სასტუმროებში”, – განაცხადა მერმა და მომხდარი კიდევ ერთხელ დაგმო.”ჩემთვის, როგორც ქალაქ ბათუმის მერისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია მათი ამგვარი დამოკიდებულება. მთელი ქართული საზოგადოება ერთხმად თანხმდება, რომ 11-12 მარტს განვითარებული მოვლენები მთლიანად სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და ჩვენ საქმე გვქონდა ვანდალურ აქტთან, რომელმაც არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ მთლიანად ქვეყნის იმიჯი დააზარალა.

“ეს იყო სახელმწიფოს საძირკვლების შერყევის მცდელობა, გალაშქრება სახელმწიფო ინსტიტუციებზე. თუმცა ამ ვანდალიზმს სახელმწიფომ სრულიად ადეკვატურად და დემოკრატიულად უპასუხა”, – აღნიშნა ერმაკოვმა.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულების ოჯახები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან, რაც შესაძლოა, ტურისტებისთვის კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდეს, რაზეც პიარტექნოლოგი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პიარკამპანია და აქტივობა ნამდვილად საჭიროა, რადგან პროცესის მიშვება არ იქნება კარგი გადაწყვეტა.

“სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა იმუშაოს სამართალდამცავების მიმართულებით, რომ ნებისმიერი აქციის დროს უზრუნველყონ წესრიგი. და, მეორე მხრივ, ჩაატაროს საიმიჯო კამპანია უცხოურ ბაზრებზე, რომ ეს შემთხვევა მიიღონ არა როგორც პრეცედენტი, არამედ როგორც ისეთივე იშვიათი შემთხვევა, როგორიც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში შეიძლება მოხდეს და ამით ტურისტისთვის არაფერი შეიცვალოს.

“გარკვეული პიარკამპანია და აქტივობა ნამდვილად საჭიროა, რადგან პეროცესის მიშვება ნამდვილად არ იქნება კარგი გადაწყვეტა”, – ამბობს გამზარდია და აღნიშნავს, რომ ტურისტი ყოველთვის სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტიებს ეძებს.

ექსპერტი საფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმირი გამოხატვის ფორმა კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმისთვის არსებობენ შესაბამისი ორგანოები, რომ სტაბილურობა უზრუნველყონ.

“ნებისმიერ სახელმწიფოში არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს დემონსტრაციებს, პროტესტის გამოხატულებებს, ანუ მოქალაქეთა თავისუფლებას და ამავე დროს, მათ მოვალეობას. ეს იქნებიან დაკავებულთა ოჯახის წევრები, დაზარალებულები თუ ა.შ.

“ვინც პროტესტის სხვადასხვა ზომას მიმართავს (მათ ამის უფლება კონსტიტუციით აქვთ), ყველა უნდა ითვალისწინებდეს იმ ჩარჩოებს, რომ მათი პროტესტით ხელი არ შეეშალოთ, პირველ რიგში, სხვა მოქალაქეებს.

“მეორე, თუ ისინი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას გადაწყვეტენ, ამისთვის არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რომ გატარდეს შესაბამისი ღონისიება. კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს”, – ამბობს ბესო ალადაშვილი და აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაში სასამართლოს მიმართ ნდობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

“აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ, ცოტა არ იყოს, მოძველებულ ტრადიაციად მიმაჩნია სასამართლო სისტემის მიმართ ასეთი უნდობლობა. მგონი, ობიექტური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ გაცილებით ნორმალური სასამართლო სისტემა გვაქვს დღეს, ვიდრე ეს წინა ხელისუფლებების დროს იყო.

“გასაგებია, არავისთვისაა სასიამოვნო შვილის ხილვა ბრალდებულისა და შემდეგ დამნაშავის პოზიციაში, მაგრამ სასამართლოს უნდა ვაცადოთ.

“თავის დაწვაზე, გადახტომასა და მსგავს ემოციურ გამოხატვის ფორმებზე საუბარი ზედმეტია. იმიტომ, რომ ისმის კითხვა, იყო თუ არა იქ სისხლის სამართლის დანაშაული? რა თქმა უნდა, იყო. ვინ ჩაიდინა? ზუსტად ამაზეა ახლა საუბარი.

“მათ მშობლებს თანავუგრძნობ, მაგრამ მოდით, იმ პოლიციელების მშობლებსაც თანავუგრძნოთ, ვინც დაშავებული იყვნენ და საავადმყოფოში მოათავსეს”, – ამბობს ბესო ალადაშვილი.

წყარო ”რეზონანსი”

banner
წინა სტატიაშიაღმაშენებლის ხეივანში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა- ბავშვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს