იასკო – სააკაშვილი ძალიან დასუსტებულია, მაგრამ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას

სააკაშვილი ძალიან დასუსტებულია, მაგრამ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, გუშინდელმა დღემ კარგ ხასიათზე დააყენა, როდესაც დაინახა, რომ ქართველ ხალხს აქვს იმედი, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ლიზა იასკომ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლიზა იასკომ საპატიმროში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

„სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ მე ძალიან მანერვიულებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ეს მისი შიმშილობის მე-15, თუ მე-16 დღეა. ძალიან დასუსტებულია და სამწუხაროა, რომ მის პირად ექიმს რამდენიმე დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. ვფიქრობ, ეს უნდა გადაწყდეს. ის დიდ მადლობას ეუბნება ქართველ ხალხს გუშინდელი დღის გამო, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საბრძოლო განწყობაზეა. გაიგო ქართველი ხალხის ხმა, ეს ძალიან გულისამაჩუყებელი იყო და სურს, ამით არ გაჩერდნენ.

რაც შემეხება მე, რა თქმა უნდა, მინდა, არ შიმშილობდეს და არ იყოს ციხეში. ვიცი, რამდენი საქმე დატოვა კიევში, ძალიან კომფორტული ცხოვრება, მშვენიერი პოზიცია, კომფორტული პირობები, სახლი, მაგრამ აქ ჩამოვიდა ქართველი ხალხისთვის, რადგან ძალიან უყვარს. ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეს ციხიდან და ყველაფერი გავაკეთოთ მის გასათავისუფლებლად. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს კარგი და ამისთვის ის გარეთ უნდა იყოს. ისე უნდა გაკეთდეს, რომ შეძლოს შიმშილობის შეწყვეტა. ამ დროისთვის, სამწუხაროდ, არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, რადგან ეს მისი ბრძოლაა. თვლის, რომ ასეთი ხერხი აქვს უდანაშაულობის დასამტკიცებლად. გუშინდელმა დღემ მას დიდი ძალა მისცა, კარგ ხასიათზე დააყენა, როცა დაინახა, რომ ქართველ ხალხს აქვს იმედი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: შვეიცარიის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე სოლიდარობისთვის, რომელიც გამოიხატება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მუდმივ მხარდაჭერაში
შემდეგი სტატიაინჯია: სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია