აშშ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების გადასაცემად ემზადება – CNN

CNN წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს გააძლიეროს უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღება და ქვეყანას შორის დისტანციის სარაკეტო სისტემები გაუგზავნოს, რომელიც ახლა კიევის მთავარი მოთხოვნაა.

ეს სისტემები ნაწილი იქნება სამხედრო და უსაფრთხოების დახმარების პაკეტის, რომელიც CNN-ის ცნობით, ადმინისტრაციამ შესაძლოა, მომავალ კვირას გამოაცხადოს.

უკრაინის მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბოლო კვირების განმავლობაში სთხოვდნენ აშშ-ს და მის მოკავშირეებს, გაეგზავნათ თვითმავალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა MLRS. აშშ-ის წარმოებულ შეიარაღების სისტემებს ასობით კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ გასროლა, ბევრად უფრო შორს, ვიდრე იმ შეიარაღებას, რაც უკრაინას აქვს.

კიდევ ერთი იარაღი, რომელიც უკრაინამ მოითხოვა, არის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც HIMARS, უფრო მსუბუქი ბორბლიანი სისტემა.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კვირების განმავლობაში უარს ამბობდა უკრაინისთვის ამ ტიპის შეიარაღების მიწოდებაზე, რადგან უშიშროების საბჭო შეშფოთებული იყო, რომ უკრაინას შეიძლებოდა ისინი თავდასხმითი შეტევებისთვის გამოეყენებინა რუსეთის შიგნით. ასევე, აღიქვამდა თუ არა ამას პროვოკაციად რუსეთი.

ეს საკითხი დღის წესრიგის სათავეში იყო გასულ კვირას თეთრ სახლში გამართულ ორ შეხვედრაზე, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრები შეიკრიბნენ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად.

წყაროები, ასევე, ამბობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში კიდევ ერთი მთავარი საზრუნავი იყო, შეეძლო თუ არა აშშ-ს სამხედრო მარაგებიდან ამოღებული ამდენი მაღალი კლასის იარაღის გაცემა.

ოფიციალური პირების თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინისთვის უფრო მოკლე რადიუსის მქონე სისტემების მიწოდება, რაც ასევე განიხილება. CNN-ს უთხრეს, რომ უკრაინელების წვრთნას სარაკეტო სისტემების გამოყენებაში, სავარაუდოდ, დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.

“პენტაგონის ოფიციალური პირები შეხვდნენ Lockheed Martin-ის აღმასრულებელ დირექტორს გასულ კვირას, რათა განეხილათ MLRS-ის მიწოდება და წარმოების გაძლიერება”, – განუცხადა CNN-ს წყარომ. კიდევ 2 წყარო ამბობს, რომ გაერთიანებული სამეფო, ასევე, ჯერ კიდევ ფიქრობს, გაგზავნოს თუ არა სისტემები და ამის გაკეთება აშშ-სთან ერთად სურს.

banner
წინა სტატიაშიფრანგული გამოცემა “ფიგარო” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერს და მას პუტინის მტრად მოიხსენიებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის განცხადება სასამართლოზე იყო სირცხვილი, პრობლემაა, როცა არ იცი, 26 მაისს რაზე ისაუბრო, ამაზე უნდა მივანიშნოთ, რათა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი