15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა და მასაჩუსეტსის შტატის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის, 33 წლის ერეკლე გუგავას წინააღმდეგ მასშტაბური ბრალდების დეტალები გამოაქვეყნეს. საგამოძიებო უწყებების ცნობით, აშშ-ში არალეგალურად მყოფი გუგავა მონაწილეობდა 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითურ სქემაში, რომელიც რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ბაზირებული საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების მიერ იმართებოდა.

გამოძიების მასალების თანახმად, აღნიშნული დაჯგუფება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ისტორიაში ჯანდაცვის სფეროს ყველაზე დიდ თაღლითურ აფიორას ხელმძღვანელობდა, რომლის ფარგლებშიც ამერიკულ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა Medicare-სა და კერძო სადაზღვევო კომპანიებს ასობით მილიონი დოლარი მოპარეს.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე გუგავა ფლობდა პენსილვანიაში დარეგისტრირებულ სამედიცინო აღჭურვილობის კომპანიას ND Medical Solutions LLC.

მფლობელობის 5-თვიან პერიოდში კომპანიამ Medicare-ს, კერძო სადაზღვევოებსა და დამსაქმებელთა ფონდებს სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების საბაბით სულ მცირე 1.3 მილიარდი დოლარის ყალბი მოთხოვნები გაუგზავნა.

სადაზღვევო კომპანიებმა გუგავას ფირმას რეალურად დაახლოებით 6.5 მილიონი დოლარი ჩაურიცხეს.

გუგავამ გახსნა რამდენიმე საბანკო ანგარიში, სადაც ერთადერთი ხელმომწერი თავად იყო. იგი ანაღდებდა ჩეკებს და მილიონობით დოლარს უცხოურ ანგარიშებზე გადარიცხვით საერთაშორისო კრიმინალურ დაჯგუფებას გადასცემდა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის, კოლინ მაკდონალდის განცხადებით, გუგავა აქტიურად ეხმარებოდა კრიმინალურ ქსელს მოპარული ფინანსების შიდა და საერთაშორისო არხებით გადაადგილებაში, რაზეც სამართალდამცველებს მკაცრი პოზიცია ექნებათ.

სქემის დასრულების შემდეგ, 2025 წლის ივლისში, ერეკლე გუგავამ აშშ-ის ტერიტორია დატოვა და ამჟამად მიმალვაში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: ნიკა გვარამია გამოცდილი პროპაგანდისტია, ოპოზიციაში შეტაკებაა, თუმცა იდეა მაინც აერთიანებთ
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო სამ კვირაში საწვავი 35 თეთრამდე გაძვირდა