აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს, დავით ბაქრაძეს სადაც უმუშავია, ყოველთვის ყოფილა გამორჩეული პროფესიული სინდისით, სერიოზულობით, ცოდნით, მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის – წულუკიანი

დავით ბაქრაძეს სადაც უმუშავია, ყოველთვის ყოფილა გამორჩეული თავისი პროფესიული სინდისით, სერიოზულობით, ცოდნით. მადლობა მას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანმა შეაფასა საქართველოს პირველი არხის ეთერში სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „ 37 ელჩიდან 36-ზე ხელი მოვაწერე, ერთი რჩება, დავით ბაქრაძე, 5 წელი იყო ელჩი ამერიკაში და არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, წავიდეს სხვაგან“.

როგორც წულუკიანი ამბობს, დაუშვებელია სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლის, ელჩ დავით ბაქრაძის მიმართ.

„ჩვენი ქვეყნის ელჩები და საელჩოს თანამშრომლები არიან ის განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც დგანან წინა ხაზზე, იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ღირსებას. მათი ძალიან დიდი უმრავლესობა გახლავთ დიდი გამოცდილების, პატრიოტიზმისა და მოტივაციის მქონე ერთი მეორეზე უკეთესი პროფესიონალი. რასაკვირველია, ყოფილან ელჩები, რომლებიც გამოწვეულან, რადგან ერთია, როდესაც საქმიანობ, როგორც დიპლომატი ქვეყნის შიგნით და მეორეა, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე სრულიად სხვა ტიპის საქმიანობა გიწევს და შეიძლება, იქ არ აღმოჩნდე ისეთივე წარმატებული, როგორც ქვეყნის შიგნით. ასეთებიც ყოფილან, მაგრამ დავით ბაქრაძე არის კატეგორია, რომელსაც სადაც კი არ უმუშავია და ის არა ერთი წლის განმავლობაში ჩემი კოლეგა იყო სახელმწიფო მინისტრის რანგში, ყოველთვის ყოფილა გამორჩეული თავისი პროფესიული სინდისით, სერიოზულობით, ცოდნითა და პროფესიონალიზმით. მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მინისტრი აწ უკვე კულტურისა და სპორტის და ვიცე-პრემიერი, მადლობას ვუხდი დავით ბაქრაძეს, მაღალ შეფასებას ვაძლევ მის ელჩად საქმიანობას. აქვე ცოტა უფრო პერსონალურ ნოტაზე დავძენ, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტროს მიჰყავდა არა ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც გზა გაუხსნა ჩვენს ახალგაზრდებს ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების შეთანხმების მიზნით და შემდეგ, წლებთან ერთად ამ რეფორმების მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობდა მავანი, მათ შორის ვაშინგტონში დავით ბაქრაძე იყო სწორედ ის ელჩი, რომელიც ხელს უწყობდა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყნის შიგნით გატარებული რეფორმების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ ზუსტი, ადეკვატური, სამართლიანი ინფორმაცია მიეღოთ უცხოელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომაც მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. რასაკვირველია, სრულიად დაუშვებელია კრიტიკა, რომელიც ჩვენ საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ გუშინ საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლის, ელჩის, ბატონი დავით ბაქრაძისადმი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსებს გაუჭირდებათ ადამიანური ძალისა და მასალების მოძიება, პაუზა მოუწევთ, რაც უკრაინელებს საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას მისცემს – ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი