,,აშშ-ში საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით”

region
: region თებერვალი 9, 2019 14:05

,,აშშ-ში საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით”

საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს კონგრესში ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა როგორც სენატორებთან, ისე კონგრესმენებთან.

„ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ ის, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენმა რუნიმ ინიცირება გაუკეთა ახალ რეზოლუციას, რომელიც მკაფიოდ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს სირიის რეჟიმის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. საქართველოს წარმოჩენილი არის, როგორც ლიდერი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში. ეს არის საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეზოლუცია.

ბუნებრივია, ჩვენ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი საქართველოს მხარდამჭერ აქტზე, რომელიც ხელმეორედ არის ინიცირებული და მან გასულ წელს მოიპოვა სრული მხარდაჭერა წარმომადგენლობით პალატაში, მსჯელობა გადაინაცვლებს სენატში და ჩემი შეხვედრები სენატში მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სენატის მხრიდანაც ამ რეზოლუციას ექნება ძალიან მკაფიო მხარდაჭერა.

ასევე გვქონდა საინტერესო შეხვედრები ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან. ვმუშაობთ როგორც საკანონმდებლო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასევე იმ ინსტიტუტებთან, რომლებსაც მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ვისაუბრეთ იმ რეგიონულ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ამ ანალიტიკური ცენტრების მხრიდანაც წავიდეს პოზიტიური გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის მიმართ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, ფიონა ჰილთან შეხვედრით დასრულდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ის მთავარი მოკავშირისა და პარტნიორის როლი, შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, ასევე მზაობა, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

region
: region თებერვალი 9, 2019 14:05

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


22,967
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics