აშშ-ში ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან

ამერიკის შეერთებულ შტატებში 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. დღეს ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ფიცის დადების შემდეგ უფლებამოსლების შესრულებას ოფიციალურად შეუდგებიან. ცერემონია ვაშინგტონში უკიდურესად გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების პირობებში გაიმართება.

6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ დედაქალაქში პოლიციის დამატებითი ძალები და ეროვნული გვარდიის დანაყოფები განთავსდნენ.

ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონის ქუჩებში უსაფრთხოების ეროვნული გვარდიის 25 ათასამდე წევრი უზრუნველყოფს. ცნობისთვის, 2017 წელს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონში უსაფრთხოებას ეროვნული გვარდიის რვა ათასი წარმომადგენელი იცავდა.

ქალაქში გადაკეტილია ქუჩების ნაწილი. ასევე, დაკეტილია ათზე მეტი მეტროსადგური.

კორონავირუსის გამო, შეზღუდულია ინაუგურაციაზე დამსწრეთა რაოდენობა. ჯერ კიდევ კაპიტოლიუმის შტურმამდე, ბაიდენის ინაუგურაციის კომიტეტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, დარჩნენ სახლში, რათა თავიდან აიცილონ ხალხმრავლობა. დახურული იქნება ვაშინგტონის ეროვნული პარკი, სადაც აღიმართა 200 ათასი დროშა.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უმეტესობა ვირტუალურად ჩატარდება.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმის წინ ფიცს დადებს. მოგვიანებით კი, არლინგტონის სასაფლაოზე გაემართება, სადაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. როგორც მოსალოდნელია, არლინგტონის სასაფლაოზე ბაიდენთან ერთად იქნებიან ყოფილი პრეზიდენტები – ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი. არლინგტონის სასაფლაოდან აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი თეთრი სახლისკენ გაემართება.

ბაიდენის წინამორბედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიალს არ დაესწრება, ის თეთრ სახლს 20 იანვარს, დილით დატოვებს. როგორც ცნობილია, ამავე დღეს დონალდ ტრამპი მერილენდში მდებარე სამხედრო ბაზაზე გამოსამშვიდობებელი ღონისძიების გამართვას გეგმავს.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

ოფიციალური ცერემონიის დროს, ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს ლედი გაგა. რაც შეეხება ინაუგურაციის დღის კონცერტს, როგორც ცნობილია, წარმოდგენას გაუძღვება მსახიობი ტომ ჰენქსი. მონაწილეთა შორის ასახელებენ ჯენიფერ ლოპესს, დემი ლოვატოს, ჯონ ლეჯენდს და ჯასტინ ტიმბერლეიკს. 90-წუთიანი კონცერტის ტრანსლაცია ტელევიზიებითა და ინტერნეტპორტალ „იუთუბით“ განხორციელდება.