აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, ფრინველის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ABCnews-ი ლუიზიანას ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, გარდაცვლილი 65 წლის ქალია. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადასტურა, რომ პაციენტის ჰქონდა ფრინველის გრიპი.
ლუიზიანას ჯანდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა განუცხადა ABC News-ს, რომ პაციენტი განიცდიდა მძიმე რესპირატორულ დაავადებას, რომელიც დაკავშირებულია ფრინველის გრიპის ინფექციასთან და კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.
CDC-მ განაცხადა, რომ აშშ-ში ფრინველის გრიპით გარდაცვალება „არ იყო მოულოდნელი“ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვირუსი იწვევს მძიმე ავადმყოფობას და სიკვდილს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ მისი გავრცელების რისკი დაბალია და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა არ არის გამოვლენილი.
CDC-ის მონაცემებით, 3 იანვრის მდგომარეობით, აშშ-ში დაფიქსირდა ფრინველის გრიპის 66 შემთხვევა.
„ადამიანებში ინფექციის ნიშნები და სიმპტომებია – ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, სურდო ან ცხვირის გაჭედვა, თავის ტკივილი, კუნთების ან სხეულის ტკივილი, დაღლილობა და ქოშინი“, – აცხადებს CDC. ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, დიარეა და კრუნჩხვები.
თითქმის ყველა დადასტურებულ შემთხვევას ჰქონდა პირდაპირი შეხება ინფიცირებულ პირუტყვთან.
ლუიზიანას ჯანმრთელობის დეპარტამენტი და CDC აცხადებენ, რომ არ არსებობს მტკიცებულება ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ და რისკი ფართო საზოგადოებისთვის დაბალია.