აშშ-ში “ოცნების” ელჩი რუსულ ბანკებში ფულად დანაზოგს და მოსკოვში ბინას ფლობს

შეერთებულ შტატებში “ქართული ოცნების” ელჩი, თამარ ტალიაშვილი და მისი ქმარი, დავით კუხალაშვილი ქონების დეკლარაციის მიხედვით, რუსულ ბანკებში ფულად დანაზოგს და მოსკოვში ბინას ფლობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას OC Media ავრცელებს.

ელჩ ტალიაშვილის მიერ შევსებული საჯარო ქონების დეკლარაციები აჩვენებს, რომ წყვილს მნიშვნელოვანი დეპოზიტები აქვს რუსულ ბანკებში და ფლობს ბინას მოსკოვში. საქართველოში კუხალაშვილი რეგისტრირებულია, როგორც თბილისის ბინის და ავტოფარეხის მფლობელი. თუმცა, დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მიწის რეესტრის ჩანაწერების თანახმად, მისი მშობლები საქართველოში დამატებით დაახლოებით ათ ქონებას ფლობენ. კიდევ ერთი ბინა თბილისში რეგისტრირებულია წყვილის არასრულწლოვანი ვაჟის სახელზე,” – წერს OC Media.

შეგახსენებთ, რომ თამარ ტალიაშვილი აშშ-ში ელჩად დანიშვნამდე პარლამენტის წევრი იყო. 2021 წელს მის მიერ შევსებული ქონების დეკლარაციის მიხედვით ის რუსულ ბანკებში დიდძალ ფულად დანაზოგს ფლობდა.
მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, თამარ ტალიაშვილის მიერ რუსეთში ქონების ფლობა “აბსოლუტურად თავსებადია იმ პოლიტიკურ კურსთან, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმი”.

თამარ ტალიაშვილის დანაზოგი, რომ რუსულ ბანკებში ინახებოდა ამის შესახებ ინფორმაცია იქამდეც იყო, სანამ ის იყო პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” მხრიდან და ის რომ პოლიტიკური დანიშვნა მისი შეერთებულ შტატებში მოხდა მას შემდეგ, რაც სტრატეგიული პარტნიორობა ივანიშვილის დამსახურებით საქართველომ შეაჩერა შეერთებულ შტატებთან, ესეც გასაგებია.

შესაბამისად მისი მეუღლის საქმიანობა, რუსული ბიზნეს ელიტის დაცვა, მათ შორის შესაბამისი კავშირები კრემლთან კიდევ ერთი გზავნილია შეერთებული შტატებისთვის ისევე, როგორც კრემლისთვის.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის უპრეცედენტო საქართველოს დიპლომატის ისტორიაში, როდესაც აშშ-ის ელჩის მეუღლე მუშაობს რუსი ბიზნესმენების ინტერესებზე და მას აქვს გარკვეული კავშირები კრემლთან ისევე, როგორც შესაბამისი ქონება და დანაზოგი რუსულ ბანკებში. ვფიქრობ, ესეც აბსოლუტურად თავსებადია იმ პოლიტიკურ კურსთან, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმი დღეს,” – ამბობს თეონა აქუბარდია.

OC Media-ს სტატიაზე კომენტარი ამ დრომდე არც თამარ ტალიაშვილს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, OC Media-ს მიერ გუშინ გავრცელდა სტატია, სადაც წერია, რომ თამარ ტალიაშილის ქმარი, სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს იურიდიულ დახმარებას უწევს.

banner
წინა სტატიაშინაძალადევში ავარიას 35 წლამდე ქალი ემსხვერპლა – ავტომობილი დაეჯახა მის დასახმარებლად გზაზე გადასულ დედას
შემდეგი სტატია“კანონები, რომელიც მე უნდა გამოვიყენო, არის კონსიტუციასთან შეუსაბამო” – ხუჭუა “ოცნების” რეპრესიულ კანონებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს