აშშ-ში, ბრაუნის უნივერსიტეტში თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

აშშ-ში, ბრაუნის უნივერსიტეტში განხორციელებული თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

„ჩვენ დავაკავეთ გამოძიებისთვის საინტერესო პირი, რომელიც ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადეს პროვიდენსის პოლიციის დეპარტამენტში.

პოლიციამ ასევე აღნიშნა, რომ გაუქმდა მითითება შენობების შიგნით დარჩენის შესახებ. დაკავებულის ვინაობასთან დაკავშირებით არანაირი დეტალი არ გავრცელებულა.

„ამ დროისთვის თავდასხმასთან დაკავშირებით სხვა ეჭვმიტანილებს აღარ ეძებენ“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე პოლიციის პოლკოვნიკმა, ოსკარ პერესმა.

როდ აილენდის გუბერნატორმა, დენ მაკკიმ სამძიმარი გამოთქვა ორი ადამიანის დაღუპვის გამო.

ცნობისთვის, 13 დეკემბრის საღამოს ბრაუნის უნივერსიტეტის საინჟინრო მეცნიერებების კორპუსში მომხდარი სროლის შედეგად ორი სტუდენტი დაიღუპა, კიდევ ცხრა ადამიანი დაშავდა. ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია, კიდევ ერთი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. დანარჩენი შვიდი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. თავდასხმის დროს შენობაში გამოცდები მიმდინარეობდა.

პოლიციის მიერ ადრე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს შავი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი. სავარაუდო ბოროტმოქმედმა კამპუსი ფეხით დატოვა და რამდენიმე საათის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. მის ძებნაში მონაწილეობდა უსაფრთხოების ძალების 400-ზე მეტი თანამშრომელი.

ბრაუნის უნივერსიტეტში 100-ზე მეტი ლაბორატორია, ათეულობით აუდიტორია და რამდენიმე ოფისია. თვითმხილველების თქმით, ადგილზე მივიდნენ შეიარაღებული სამართალდამცავები ტაქტიკური აღჭურვილობით. მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დანაშაულის ადგილზე ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები იმყოფებიან. უნივერსიტეტში 10 400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად, მეორე ტური გაიმართება
შემდეგი სტატიაავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა