ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც კონგრესს განსახილველად გუშინ გაეგზავნა, საქართველოსთვის გათვალისწინებული საგარეო დახმარება, 80 მილიონი დოლარით არის გათვალისწინებული, რაც 8 მილიონი დოლარით ნაკლებია 2024 წლის დახმარებასთან შედარებით.
დოკუმენტს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ ამერიკელი ხალხის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ასევე დაეხმარება ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ბიუჯეტის პროექტში ასევე წერია, რომ “საგარეო დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოში კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური კონტროლის, ანტიკორუფციული ინიციატივებისა და მთავრობის ყველა დონეზე, საჯარო ანგარიშვალდებულების, შიდა კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერებას”. დოკუმენტში ნახსენებია საქართველოში მედია გარემო და ნათქვამია, რომ საგარეო დახმარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სანდო, დამოუკიდებელი და დაბალანსებული მედია გარემოს შექმნას.
შედარებისთვის, 2022, 2023 და 2024 წლების საბიუჯეტო მოთხოვნებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართავდა. იმავე წლებში, ბიუჯეტის პროექტებში, საგარეო დახმარების დანიშნულებასა და მიზნებზე საუბრისას, ასევე იყო ნახსენები რუსეთის მავნე ზეგავლენა, როგორც საფრთხე ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის. 2025 წლის საბიუჯეტო პროექტში, საქართველოსთან მიმართებაში, ჩანაწერი რუსეთზე, როგორც საფრთხეზე, აღარ იძებნება.