აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად შეფასდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებათბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრებოდა.

მხარეებმა განიხილეს, თუ რა შედეგს მიაღწია ქვეყანამ 2015 წლის ნოემბერში ვაშინგტონში გამართული ანალოგიური შეხვედრის დროს დასახული მიზნების შესრულების პროცესში.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობა და ითქვა, რომ ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის საჩვენებლად.
ამერიკული მხარე მიესალმა იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებს, მათ შორის, სასამართლო სისტემისა და პროკურატურის სფეროს რეფორმირების გზაზე მიღწეულ პროგრესს.
ასევე, დადებითად შეფასდა მოწმეთა ნებაყოფლობითი გამოკითხვის ახალი წესი, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის თებერვალში შევიდა და რომელიც იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით მომზადდა.
აღიარებულ იქნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი საჯარო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ძლიერი, დეპოლიტიზებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და გამჭვირვალე მმართველობის მნიშვნელობას.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის გარდა შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. აშშ-ის მხრიდან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბობ ბერშინსკი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი.

აღნიშნული შეხვედრა რიგით მე-9 იყო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

banner
წინა სტატიაში“წინასაარჩევნო გარემო ორიენტირებული უნდა იყოს პროგრამებზე და არა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე და შუღლზე“
შემდეგი სტატიაევროდეპუტატმა განაცხადა, რომ კიევი მინსკის ხელშეკრულებას შეგნებულად არღვევს