აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება რიჩარდ მაილსის შესახებ არასწორია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ 2003 წელს ელჩი რიჩარდ მაილსი გაყალბებული არჩევნების აღიარებას სთხოვდა, მცდარია, – ამის შესახებ “აიპრესს” საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა განუცხადა.

ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 2003 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება თავიდანვე გამოთქვა. კონკრეტულად კი, საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველომ ამერიკისა და ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

„ეს განცხადება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდა, არის მცდარი. 2003 წლის 3 ნოემბერს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა. ასე გაგრძელდა ხმების დათვლის მთლიანი პროცესის განმავლობაში. როგორც კი საბოლოო შედეგი გამოქვეყნდა, ამერიკულ მხარეს ჰქონდა მაღალი დონის საუბრები საქართველოს მთავრობასთან იმ საჭიროებების შესახებ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები გამჭვირვალედ გადაჭრილიყო.

19 ნოემბერს დაიწყო შედეგების გამოცხადება, მაშინვე გააკეთა განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა და გამოხატა უკმაყოფილება. 21 ნოემბერს აშშ-ის მთავრობამ გამოქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომლის ტექსტიც სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე დღესაც დევს. ტექსტში წერია, რომ აშშ იმედგაცრუებულია საქართველოში ჩატარებული 2 ნოემბრის არჩევნებით, რომელმაც ვერ გაამართლა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები აშშ-ისა და ეუთოს წინაშე. ხმების დათვლის დაგვიანებამ და შედეგების მანიპულირებამ გამოაშკარავა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნების უგულებელყოფა.

2003 წლის 13 ნოემბერს ეუთო-ში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, დუგლას დავიდსონმა თავის განცხადებაში მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ მათ უზრუნველეყოთ, რომ ხმის მიცემა ჩატარებულიყო საერთო საარჩევნო კოდექსით და ის ეუთოსთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფილიყო. ეუთოს განცხადებაც დევს ორგანიზაციის ვებ-გვერდზე“, – განაცხადეს ამერიკის საელჩოში „აიპრესთან“ საუბრისას.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განცხადა, რომ 2003 წელს აშშ-ის მაშინდელი ელჩი რიჩარდ მაილსი გაყალბებული არჩევნების აღიარებას სთხოვდა.

აშშ-ის საელჩოს განცხადებას სააგენტო “აიპრესი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიარგენტინის ნაკრებმა მესთან ერთად ჟურნალისტებს ბოიკოტი გამოუცხადა
შემდეგი სტატია“გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი” – უსუფაშვილი პარლამენტოს სხდომის თარიღზე