აშშ-ის საელჩო სამხრეთ ოსეთის რეგიონში, არალეგიტიმურ „რეფერენდუმს“ გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, სამხრეთ ოსეთის რეგიონში ცხრა აპრილს დაგეგმილი არალეგიტიმური „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილებას გმობს.

აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას აკნინებს.

„აშშ-ის საელჩო, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, არალეგიტიმური „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილებას გმობს. რეფერენდუმი 9 აპრილს არის დაგეგმილი. ასეთი პროვოკაციული ქმედებები, კარგავს ნდობას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას აკნინებს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

განცხადებაში მიუთითებენ, რომ აშშ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს.

„აშშ იმ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე გაიმართება. ორივე რეგიონი – სამხრეთ ოსეთიცა და აფხაზეთიც, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მკაფიოდ მხარს ვუჭერთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრეთვე მოუწოდებს მხარეებს, შემოთავაზებულ რეფერენდუმს თავი აარიდონ.

„აშშ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს მხარს უჭერს, როგორც ფორუმს, სადაც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ქმედებებს თავი აარიდონ, მათ შორის შემოთავაზებულ რეფერენდუმს, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას აკნინებს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კახიანი : „თუ ის ჩანაწერები მართლა ავთენტურია, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული კორუფციის ნიშნები არსებობდა”
შემდეგი სტატია„როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა ყველაფერი სოლოლაკელ მბრძანებელს” – გიორგი გუგავა