აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები იძაბება

ირანის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს აღარ შეესაბამება – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მიმართვისას განახცადა. მისი თქმით, ის მიმართავს კონგრესს, რათა ხელახლა დააწესონ თეირანის მიმართ სანქციები, რომელიც შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა.

„ირანის შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ცალმხრივი გარიგება იყო, რომელშიც შეერთებული შტატები შევიდა“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ აშშ შეთანხმებიდან ამ ეტაპზე არ გავა. თუმცა, ამის მიუხედავად, პრეზიდენტი ტრამპი ირანის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. აშშ-ის კანონმდებლობით, ირანის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დონალდ ტრამპმა 90 დღეში ერთხელ ხელმოწერით უნდა დაადასტუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონგრესს 60-დღიანი ვადა მიეცემა, იმის გადაწყვეტად, აღადგინონ თუ არა ირანის მიმართ სანქციები.

პარალელურად, თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრეზიდენტის ახალი სტრატეგია, რომელიც ძირითადად ირანის რეჟიმის კრიტიკასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოების მისამართით გაერთიანების თაობაზე მოწოდებასაც მოიცავს. ბირთვული შეთანხმება, სარაკეტო პროგრამები, ტერორიზმის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებათა დარღვევები, ირანის რევოლუციის მცველთა გვარდიის ქმედებები – ეს ვაშინგტონის ახალი სტრატეგიის მთავარი საკითხებია.

„ირანის რეჟიმის ქმედებებმა სერიოზულად შეარყია ის დადებითი წვლილი რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, რომლის მიღწევასაც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა ისახავდა მიზნად. ირანის სამხედრო ლიდერები საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს თანამშრომლებს, მათ სამხედრო ტერიტორიებზე ინსპექციისთვის არ შეუშვებენ. ეს ქცევები დაუშვებელია“ – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი და მოკავშირეები ვერ შეთანხმდებუიან, ირანთან შეთანხმება შეიძლება შეწყდეს.

„შესწავლის პროცესში ვართ და ჩვენი მონაწილეობა ირანის ბირთვულ შეთანხმებაში შესაძლოა, ნებისმიერ დროს გავწყვიტო“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება დააანონსა.

„ჩვენ დამატებით სანქციებს დავაწესებთ ირანთან მიმართებაში ტერორიზმის დაფინანსებისთვის“ – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის გამოსვლას უკვე გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი. მისი თქმით, ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის ირანის ბირთვული შეთანხმების დასრულების საკითხი.

 

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის თავჯდომარე ალი ექბერ სალიჰი ბირთვული შეთანხმების ძალაში დარჩენის მიზნით ევროპაში მხარდამჭერებს ეძებს. ლონდონში ტურნეს დროს სალიჰი ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში, სალიჰმა მტრული ქმედება უწოდა აშშ-ს მხრიდან ირანის რევოლუციური გვარდიის ტერორისტთა სიაში შეყვანას.
“თითოეული ქვეყნის ჯარი და არმია, არის ამ ქვეყნის უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩვენს წინააღმდეგ ომის გამოცხადებად ვღებულობთ“ აცხადებს სალიჰი.

 

 

banner
წინა სტატიაშიამერიკულმა უპილოტოებმა ISIS-ს დაარტყეს
შემდეგი სტატიაერდოღანი: თურქული არმია სირიის ქალაქ იდლიბშია